საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. როგორც Sputnik-Ossetia, „Кавказский узел“ და სამხრეთ ოსეთის მედია იუწყებიან, 6 მარტს ცხინვალში ღვთისმშობლის დაბადების ტაძრის წინ მოედანზე საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიტინგი გაიმართა. მიტინგზე მივიდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პედაგოგები, მოხელეები, დეპუტატები - სულ 300-400 ადამიანი. მათ მხარი დაუჭირეს სტუდენტებმა და უფროსკლასელებმა, რომლებიც აქციაზე საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ფოტოებით მივიდნენ. სტუდენტებს მოჰქონდათ ტრანსპარანტები ლოზუნგებით: „საქართველო პასუხისმგებელია ზარის და ერედვის ტრაგედიის მსხვერპლზე“, „საქართველო, დაგვიბრუნე ჩვენი შვილების ცხედრები“, „ევროკავშირო, არ დაუჭირო მხარი საქართველოს მიერ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ტერორს“.
„საქართველომ განზრახ გააღვივა სკანდალი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო! დაგვიბრუნონ ჩვენი ბიჭების ცხედრები... ვინ აგებს პასუხს დედების, ქვრივებისა და ობლების ტკივილზე?! ჩვენი ტკივილი არ ისმის ევროპის ქვეყნების სივრცეებში, რომლებიც ყოველთვის დემოკრატიული ნორმების დაცვაზე აკეთებენ აქცენტს“, - განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა „ედინაია ოსეტიადან“ როზა ვალიევამ.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამშობლოს დამცველთა“ წევრი ამირან დიაკონოვი კი გამოვიდა მოწოდებით, „სრულად დაიხუროს საზღვარი საქართველოსთან“: „დღეს დივერსანტებს ლენინგორის გამოვლით საქართველოს ტერიტორიიდან თავისუფლად შეუძლიათ ცხინვალში შემოსვლა და ტერაქტის დაგეგმვა, ამის დადასტურებაა ლენინგორში აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა“, - თქვა დიაკონოვმა.
რა მიზნით ავრცელებს საქინფორმი ამ ინფორმაციას 2 დღის შემდეგ, თუმცა ამის შესახებ ინტერნეტში უკვე იუწყებოდნენ ზემოთ ნახსენები და სხვა მედიასაშუალებები? მხოლოდ იმისთვის, რომ მორიგი განცხადებების გაკეთებამდე მას ყურადღება მიაქციოს საქართველოს ხელისუფლებამ, მისმა პრეზიდენტმა, რომლებიც გამუდმებით აცხადებენ, რომ „ჩვენს ძმებს - ოსებს“ ჩვენთან შეკითხვები არ აქვთ და ქართველებთან მეგობრობა უნდათ, რასაც მხოლოდ „რუსი ოკუპანტები“ უშლიან ხელს...