პოლიტიკა
აშშ-მა პირველად მოატყუა რუსეთი ასე თავხედურად უკრაინაში გადატრიალების დროს! - პუტინი

     საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. „ამერიკელმა პარტნიორებმა მოგვმართეს, გვთხოვეს, ყველაფერი გაგვეკეთებინა - ახლა მათ თხოვნას თითქმის სიტყვასიტყვით ვიმეორებ - რომ იანუკოვიჩს არმია არ გამოეყენებინა, რომ ოპოზიციას მოედნები, ადმინისტრაციული შენობები გაეთავისუფლებინა და ვითარების ნორმალიზაციის შესახებ მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე გადასულიყო“, - ამბობს ვლადიმერ პუტინი ფილმში „მსოფლწესრიგი 2018“, რომელიც ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან რამდენიმე ინტერვიუს ეფუძნება.
რფ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი დათანხმდა, ერთი დღის შემდეგ კი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. „დაერეკათ მაინც, რამე გაეკეთებინათ, ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ. ეთქვათ - იცით, არსებობს ასეთი ცნება, შემსრულებლის ექსცესი - ჩვენ ეს არ გვინდოდა, მაგრამ მოვლენები აი, ასე (განვითარდა). მაგრამ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ყველაფერი სამართლებრივ ველზე დავაბრუნოთ. არცერთი სიტყვა, პირიქით, სრული მხარდაჭერა მათ, ვინც სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა“, - თქვა პუტინმა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ, ფაქტობრივად, ამერიკამ საკუთარი ხელით მოახდინა ეს გადატრიალება, ამიტომ იძულებულია, კიევის დღევანდელ ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს - „მათ საკუთარი თავი კუთხეში მიიმწყვდიეს“. „ასე უხეშად და თავხედურად, ვგონებ, პირველად“.