აქტუალური
ამერიკულმა მხარემ საქართველოს შეუქცევადი კურსის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა - დავით ზალკალიანი

     საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) მორიგ შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობის კურსის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომელიც ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის საკითხი განიხილეს. ასევე, დადებითად შეფასდა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა.
ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობის მიერ აღებული შეუქცევადი კურსის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომელიც საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, კერძო სექტორისთვის გაუმჯობესებული სერვისების მიწოდების, შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარებისკენაა მიმართული. ასევე, ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დახმარებით, პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, საქართველოს შრომის ბაზარზე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 1 800-მდე კურსდამთავრებული ეყოლება ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერების და ქიმიის დარგებში, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.
ამავდროულად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაძლიერებას პროფესიული განათლების მიმართულებით. აგრეთვე, ჩვენმა პარტნიორებმა ის რეფორმები აღნიშნეს, რომლებსაც საქართველო შრომითი ბაზრის განვითარების მიმართულებით ახორციელებს. ამერიკულმა მხარემ საქართველოში კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ექსპერტული მხარდაჭერის ჩათვლით, ეროვნულ ბანკთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა“, – განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის მონაწილეებმა ქართულ-ამერიკული ბიზნესისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებისა და სავაჭრო კავშირების გაღრმავების გზებზეც იმსჯელეს.
ორივე მხარის სურვილია, ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები პოლიტიკური თანამშრომლობის არსებულ მაღალ დონეს გაუთანაბრდეს. ქართული მხარის მიერ ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა შესაბამის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას და სავაჭრო მისიების ორგანიზაციის მნიშვნელობას. აქცენტი მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის მომდევნო რაუნდის წარმატებით ჩატარებაზე გაკეთდა“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ამასთან, შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მიმდინარეობაზეც ისაუბრეს და აღნიშნულ პროექტში ამერიკული კომპანიების ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაესვა ხაზი. ამერიკელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს რეგიონული ჰაბის როლის წარმოჩენას და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას შუწყობს ხელს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა.
სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თავმჯდომარეობდნენ, ხოლო ამერიკული მხრიდან – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი.