უცხოეთი
დონალდ ტრამპი სექსსკანდალში გაეხვა: პორნომსახიობი პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის

     საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. სტეფანი კლიფორდმა რამდენჯერმე სცადა მოეთხრო ჟურნალისტებისთვის თავისი ისტორია, მაგრამ მას ამის გაკეთების უფლებას არ აძლევდნენ.
ყოფილმა პორნოვარსკვლავმა სტეფანი კლიფორდმა, რომელიც სთორმი დენიელსის ფსევდონიმითაა ცნობილი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, იუწყება NBC News.
გამოცემის ინფორმაციით, კლიფორდი ირწმუნება, რომ მასა და დონალდ ტრამპს შორის გაფორმებულია შეთანხმება, რომელიც მათი ინტიმური ურთიერთობის გაუხმაურებლობას ითვალისწინებს და რომელსაც ხელს მხოლოდ პრეზიდენტის ადვოკატი მაიკლ კოენი აწერს. გამომდინარე იქიდან, რომ საბუთს პირადად ტრამპის ხელმოწერა არ ერთვის, პორნოვარსკვლავი შეთანხმების ბათილად ცნობას მოითხოვს.
სტეფანი კლიფორდმა რამდენჯერმე სცადა, მოეთხრო ჟურნალისტებისთვის თავისი ისტორია, მაგრამ მას ამის გაკეთების უფლებას არ აძლევდნენ. სარჩელში ის წერს, რომ ადვოკატი კოენი დიდი ხნის განმავლობაში აშინებდა მას და ყველა ზომას მიმართავდა, რომ გაეჩუმებინა.
სარჩელი განსახილველად ლოს-ანჯელესის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ მიიღო. თეთრ სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
რაც შეეხება შეთანხმების პირობებს, აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატის მიერ ხელმოწერილი საბუთი ყოფილი პორნოვარსკვლავისთვის 130 ათასი დოლარის გადახდას ითვალისწინებს. თავის მხრივ, კლიფორდი ვალდებული იყო, დაეცვა ტრამპის სექსუალური ცხოვრების ყველა დეტალი და არ გამოექვეყნებინა ტრამპთან დაკავშირებული ტექსტობრივი თუ ფოტომასალა.
სტეფანი კლიფორდის მტკიცებით, დონალდ ტრამპთან სექსუალური ურთიერთობა 2006-2007 წლებში ჰქონდა. ამერიკის პრეზიდენტის ადვოკატი მაიკლ კოენი ადასტურებს ექს-პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდის ფაქტს, თუმცა არ აკონკრეტებს, რისთვის გადაერიცხა მას ეს ფული.
აღსანიშნავია, რომ სტეფანი კლიფორდმა 2011 წელს ჟურნალ InTouch Weekly-ს ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენთან კავშირის ყველა წვრილმანი უამბო, თუმცა ინტერვიუ მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნდა.

sputnik-georgia.com