პუბლიკაციები
რაციონალური დამოკიდებულება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი - გულბაათ რცხილაძე სპეციალურად „საქინფორმისთვის“

     საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში 18 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სიურპრიზს არ მოიტანს და ვლადიმერ პუტინი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქმე ფარსთან გვაქვს და არჩევნების დღე ფორმალობა იქნება. რუსეთის საარჩევნო კანონმდებლობა თავისი დემოკრატიულობის ხარისხით არასგზით არ ჩამოუვარდება არც ერთი სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობას. და ეს მხოლოდ თეორიის დონეზე არ არის, რადგან წინასაარჩევნო აგიტაცია მიმდინარეობს ღიად, შეზღუდვების გარეშე, ტელევიზიები დროს უთმობენ და აშუქებენ თითოეული კანდიდატის აქტიურობას - ყოველ დღე, ყოველ შემაჯამებელ საინფორმაციო გადაცემაში. განსხვავებით, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების რეალობისაგან, რუსეთში გადამწყვეტ როლს არ ასრულებს წინასაარჩევნოდ დახარჯული ფულის მოცულობა. უზარმაზარი სხვაობაა 1990-იანი წლებისაგან, როდესაც ყველაფერს ფული და ძალადობა წყვეტდა. მაშინ შესაძლებელი იყო ყალბი ბიულეტენების მასობრივად ჩაყრა ურნებში, „კარუსელების“ დატრიალება, საარჩევნო კომისიების წევრების დაშინება, მოსყიდვა, ძალოვანების ჩარევა და მრავალი სხვა მანკიერება, რომელიც რუსეთთან ერთად საქართველომაც გამოსცადა როგორც 90-იანებში, ისე „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილის მმართველობის ჟამს. ახლა სხვა დროა, რუსეთში არჩევნები ტარდება კანონის საფუძველზე, არჩევნების შედეგების მასობრივი გაყალბება გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში, ეს ვერ მოხდება რუსული და მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის შეუმჩნევლად. ამიტომ დაველოდოთ არჩევნებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი დემოკრატიულად ჩაივლის და პუტინი დამაჯერებლად გაიმარჯვებს ხალხში უდიდესი ავტორიტეტის გამო. მას არ შეუძლია და არც სჭირდება მანიპულაციები.
     შევეცადე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის წარმომადგენლების რამდენიმე, ჩემი აზრით, რაციონალური მოსაზრება შემეკრიბა. გთავაზობთ ამ გამოხმაურებებს.
     საპარლამენტო ოპოზიციის პატრიოტული ფლანგიდან, რუსეთში მიმდინარე საარჩევნო პროცესს სავსებით ნორმალურად და ლეგიტიმურად აფასებენ. პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბეჟან გუნავამ განაცხადა:ვლადიმირ პუტინს, რა თქმა უნდა, კარგი შანსი აქვს და გაიმარჯვებს, რადგან მოსახლეობაში აშკარად მაღალი რეიტინგით სარგებლობს, მან თავისი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა. რუსეთი პუტინის ხელში მომძლავრდა და იქცა ძალიან სერიოზული ძალად მსოფლიოში, გამომდინარე აქედან, პუტინი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. ეს არჩევნები ტარდება რუსეთში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად და სამართლებრივად ლეგიტიმურია. საერთაშორისო საზოგადოება ამ თვალსაზრისით ვერაფერს ვერ იტყვის“.
საქართველოსთან მიმართებით რუსეთის ფაქტორს გუნავა ასე აფასებს: „ყველანაირად რუსეთზე ვართ მიბმული, გინდათ ტერიტორიული მთლიანობის და გნებავთ, ეკონომიკური საკითხები, ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა მივესალმოთ თანამშრომლობის მზაობას. საქართველო შეუძლებელია განვითარდეს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების გარეშე. ეს არის მეზობელი, რომელსაც მთელი მსოფლიო ანგარიშს უწევს. ის, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ უნდა ველაპარაკოთ მეზობელს.
ანალოგიური მოსაზრება აქვს მის კოლეგას, საქართველოს პარლამენტის წევრ ადა მარშანიას, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების პასიური მოლოდინი არაფერს მოგვიტანს და ჩვენ თავად უნდა ვიმოქმედოთ:
„კარგად უნდა გავერკვეთ, რა რეალობაშია საქართველო. ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ვეცადოთ სიტუაციის შეცვლას ჩვენს სასარგებლოდ. მოლოდინი კი არა, უნდა გავაქტიურდეთ და, ამ სიტყვის კარგი გაგებით, შეტევაზე უნდა გადავიდეთ“.
     ჯონდი ბაღათურია, პარტია ქართული დასის ლიდერი დადებითად აფასებს რუსეთში არჩევნების მიმდინარეობის პროცესს და საქართველოს ინტერესების რეალიზებას რუსეთის ლიდერთან პირდაპირ დიალოგში ხედავს: „რუსეთის არჩევნები დამთავრდება ვლადიმერ პუტინის გამარჯვებით,  რაც სავსებით სამართლიანი და  ლოგიკურია, გამომდინარე მისი პოპულარობიდან. ეს არჩევნები სრულიად ლეგიტიმურია, არის რამდენიმე კანდიდატი, თავისუფალი კონკურენცია.  რუსეთში არჩევნები უფრო დემოკრატიულად ტარდება,  ვიდრე ზოგიერთ პროდასავლურ ქვეყანაში.
ჩვენ, ამ არჩევნებისგან უნდა ველოდოთ პუტინის გამარჩჯვებას, შესაბამისად რუსული ეკონიმიკის და სამხედრო პოტენციალის ზრდას ანუ რუსული პოლიტიკური გავლენის ზრდას მთელ მსოფლიოში. უნდა ვემზადებოდეთ შექმნილი ვითარების საქართველოს სასარგებლოდ გამოყენებისთვის,  რუსეთთან და ამ ქვეყნის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგისთვის -  ყოველგვარი „მაჭანკლების“ გარეშე“.

     ნიკოლოზ მჟავანაძე, იურისტი, უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნება რუსეთის პრეზიდენტი. იგი დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს ვლადიმირ პუტინი, რომელთანაც საქართველომ უნდა აწარმოოს კიდეც დიალოგი: „ამჟამინდელი პრეზიდენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხში და ამ მიზეზით ისევ პუტინი იქნება ქვეყნის მეთაური, მაგრამ საარჩევნო ციბ-ცხელებას მაინც ინტერესით უყურებს მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველო.  საარჩევნო პროცესი ჯერ-ჯერობით დემოკრატიულად და ღიად მიდის. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები თითქმის ყველა ფედერალურ არხზე იმართება და ამომრჩეველს საშუალება აქვს, მოუსმინოს ყველა კანდიდატს. თუმცა, აქ ბრძოლა მიდის უფრო იმისთვის, ვინ დაიკავებს მეორე ადგილს. რუსეთში გამოკვეთილი ლიდერი - ერთი კანდიდატია, რომელსაც სავარაუდიდ ვერავინ დაეწევა.
ეს არჩევნები საქართველოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ თუ ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან დიალოგი არ დაიწყო , არაფერი არ შეიცვლება;  თუ ეს არ მოხდა, არც არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს ამ არჩევნებისგან“.
     დიმიტრი ლორთქიფანიძე, იურისტი, უფლებადამცველი და ყოფილი პარლამენტარი მიიჩნევს: „რუსეთში არჩევნების თარიღს, 18 მარტს, ძალიან დიდი გულისყურით ადევნებს თვალს მთელი მსოფლიო, რადგან ახალი საპრეზიდენტო ვადა იქნება ერთგვარი დამაგვირგვინებელი ფაზა რუსეთის ხელისუფლების მიერ აღებული იმ კურსისა, რომელთან დაკავშირებით არაერთ მნიშვნელოვან ფორუმებზე გაჟღერებულა ინფორმაცია. პირველ რიგში აღვნიშნავდი ვალდაის ფორუმს, რომელზეც ისახება კიდეც რუსეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ვექტორები. ჩვენთვის, საქართველოსთვის, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები გააჩნია და ზესახელმწიფოთა ინტერესების ჭიდილის ჭყლეტაშია მოყოლილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები. ეჭვს არ იწვევს, რომ გამომდინარე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიდან, გამარჯვებული ისევ ვლადიმირ პუტინი იქნება. სხვა საკითხია, ახალი მანდატი შესძენს თუ არა ახალ იმპულსს რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია საქართველოსთვის, რომელსაც მრავალრიცხოვანი დიასპორა ჰყავს რუსეთის ტერიტორიაზე, იქაურ თანამემამულეებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. საქართველოს მოქალაქეები არიან საარჩევნო ხმის უფლების გარეშე მაშინ, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები. თუნდაც ამ თვალსაზრისით ჩვენს მოქალაქეებს ესაჭიროებათ სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა.
დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. რაც უფრო მალე დაიწყება დიალოგი, ამოქმედდება სახალხო დიპლომატია, განვითარდება საუნივერსიტეტო კონტაქტები, საექსპერტო ურთიერთობები და სხვა, ეს იქნება საქართველოს ინტერესებისთვის სარგებლის მომტანი. გამომდინარე იქიდან, რომ ვლ. პუტინს არაეთხელ გაუკეთებია განცხადება, მსოფლიოს ამ ერთ-ერთმა ყველაზე უფრო გავლენიანმა პოლიტიკოსმა გამოთქვა სურვილი, რომ შეხვდებოდა საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იქნებოდა ეს პრემიერი თუ პრეზიდენტი, ეს თავისთავად აღნიშვნის ღირსია, მაგრამ საქართველოს მხრიდან ამაზე პასუხი დღემდე არ არსებობს, თითქოს არ არსებობდეს მოლაპარაკების საგანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკური ფასის განსაზღვრის ინიციატივა, ან ჩვენი საზოგადოების მოლოდინი, დაკავშირებული 2012 წლის არჩევნებით მოსული „ქართული ოცნების“ მთავარ დაპირებასთან, რომ ქვეყნის შიგნით მოხდებოდა სამართლიანი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს აღდგენა, საგარეო პოლიტიკაში კი - რუსეთთან ურთიერთობების განსაზღვრა... აი ეს ყველაფერი თითქოს არც ყოფილა. ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს და საზოგადოება დღემდე მოლოდინშია იმ ძალის გამოჩენისა, რომელიც ამ დანაპირებს შეასრულებს და რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივებს გასცემს პასუხს. ეს პასუხი ადრე თუ გვიან, გაცემულ იქნება, ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და განვსაზღვროთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში“.
მოამზადა გულბაათ რცხილაძემ - სპეციალურადსაქინფორმისთვის