უცხოეთი
თეთრი სახლი რუსეთისა და ბაშარ ასადის ძალებისგან დამასკოს მახლობლად, აღმოსავლეთ ღუტაზე იერიშის შეწყვეტას ითხოვს

     საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. თეთრი სახლი რუსეთისა და ბაშარ ასადის ძალებისგან დამასკოს მახლობლად მდებარე აღმოსავლეთ ღუტაზე იერიშის შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების არაერთგზის გაჭიანურების გამო, რუსეთმა გააგრძელა რეზოლუციის პირობების უგულვებელყოფა და უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრებლების მკვლელობა კონტრტერორისტული ოპერაციების საბაბით“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აღმოსავლეთ ღუტაში შექმნილი ვითარება 2016 წელს ალეპოს დაბომბვას შეადარა.
ვაშინგტონის მონაცემებით, 24-28 თებერვლის პერიოდში ხმეიმის ავიაბაზიდან რუსული თვითმფრინავები ყოველდღიურად საშუალოდ 20 საბრძოლო ფრენას ახორციელებდნენ აღმოსავლეთ ღუტას დასაბომბად.
“ასადის რეჟიმმა და მისმა მოკავშირეებმა მოსკოვსა და თეირანში უნდა შეასრულონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და შეწყვიტონ აღმოსავლეთ ღუტასა და მის შემოგარენში საბრძოლო მოქმედებები”, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამბოხბეულების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ღუტა 2013 წლიდან სირიის სამთავრობო ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული. 18 თებერვლიდან აღმოსავლეთ ღუტაზე ინტენსიური ავიდარტყმები ხორციელდება. გაერო-ს მონაცემები, სამხედრო მოქმედებების ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 600 ადამიანი ემსხვერპლა, ორი ათასზე მეტი კი დაშავდა. სულ რეგიონში 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.
24 თებერვალს გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია სირიაში 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების შესახებ. რეზოლუციის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ტერორისტულ დაჯგუფებებზე არ ვრცელდება.

1tv.ge