საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, უკვე ცნობილია ექვსი პოლიტიკოსი, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტად გახდომის სურვილი აქვთ. სამი მათგანი ქალია.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თავისი კანდიდატის როლზე განიხილავს იუსტიციის მოქმედ მინისტრს თეა წულუკიანს და დამოუკიდებელ მაჟორიტარს, საქართველოს საგარეო საქმეთა ექსმინისტრ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2016 წელს პარლამენტში დედაქალაქის მთაწმინდის რაიონიდან სწორედ „ქართული ოცნების“ წყალობით გავიდა, რომელმაც პარტიის კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოხსნა.
მესამე ქალი, რომელსაც პრეზიდენტობის ამბიცია აქვს, გახლავთ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც მოუხშირა განცხადებებს საქართველოს ნატოში შესვლის წინააღმდეგ, სადაც ისედაც „არასოდეს მიიღებენ არსებული ტერიტორიული პრობლემების გამო“. ბურჯანაძე გამარჯვებაში დარწმუნებულია, იმიტომ რომ, მისი განცხადებით, მხოლოდ იგი შეძლებს საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას - აქაოდა, ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების პირდაპირი დიალოგის გზით შეიძლება, მასზე უკეთ კი ამას ვერავინ გააკეთებს. ბურჯანაძე ამას პუტინთან შეხვედრების გამოცდილებით, აგრეთვე თავისი, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ნამუშევარი პოლიტიკოსის გამოცდილებით ასაბუთებს. „მოსკოვი არ დგამს პოზიტიურ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთთან თანამშრომლობის და მჭიდრო კონტაქტის აუცილებლობის შესახებ მოსაზრებას განუმტკიცებდა“, - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მართალია, „რუსეთს პოზიციას ძალით ვერავინ შეაცვლევინებს“, მაგრამ აი, „მოსკოვის დარწმუნება, მისი დაინტერესება იმით, რომ პოზიცია შეცვალოს“, საქართველოში მხოლოდ მას შეუძლია, თუკი ქართველი ხალხისგან ფართო უფლებამოსილებებს მიიღებს.
ბურჯანაძე ცოტა ხნის წინ შექმნილი „ლიდერთა საბჭოს“ ფორმატში ოპოზიციის გაერთიანებაზეც ამყარებს იმედს, რომელმაც ის თითქოსდა თავის ერთიან კანდიდატად უნდა წარადგინოს, რადგან ცალ-ცალკე ივანიშვილს ისინი ვერ დაამარცხებენ. თუმცა „ლიდერთა საბჭოში“ შემავალ ქვეყნის მთავარ „ლეიბორისტ“ შალვა ნათელაშვილსაც უნდა, საქართველოს პრეზიდენტი გახდეს. ნდომით კი დიდი ხანია, უნდა, მაგრამ არ შეუძლია...
თავის კანდიდატურას წამოაყენებს მოქმედი პრეზიდენტიც - გიორგი მარგველაშვილი, და მისი წინამორბედიც - ადამიანი პასპორტისა და მოქალაქეობის გარეშე მიშა სააკაშვილი, რომელიც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს და ერთ-ერთ მათგანზე უკვე მიესაჯა 3 წლით პატიმრობა. გასულ კვირას სააკაშვილი თავისი საკუთარი ტელეარხი „რუსთავი 2“-ით ვიდეომიმართვით გამოვიდა ამსტერდამიდან, „წითელი ფარნების ქუჩიდან“, და განაცხადა, რომ მისი ექსმმართველი ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაკმაყოფილდება „არჩევნებზე მეორე ადგილით და იმ კასტინგის მოგებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე გამოაცხადა“.
საქინფორმის რედაქცია