სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილი პერმანენტული აქციების დაწყებას არ გამორიცხავს

     საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. სოფელ დუისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების, უხუცესების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და ადვოკატების შეხვედრა დასრულდა.
დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრა მედიისთვის დახურულ რეჟიმში წარიმართა და მასზე მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
ჩემთვის ახალი არაფერი თქმულა, რაც აქამდე არ ვიცოდი, ახალი ალბათ ხეობის წარმომადგენლებისთვის იყო. დაველოდები სასამართლოს, რომელიც 22 მარტს უნდა ჩატარდეს მათ საქმეზე, რომლებიც იმ ღამეს ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. ალბათ, მერე ჩვენი საქმეც გაირკვევა, რა ბრალს წაუყენებენ თემირლანს“, – განაცხადა გარდაცვლილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც პროკურატურისა და მოდულის შენობასთან პერმანენტული აქციების დაწყებას არ გამორიცხავს.
როგორც შეხვედრის შემდეგ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ აღნიშნა, გამოძიების პროცესში ბევრი ხარვეზი ფიქსირდება მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ნაწილში. „ველოდებით პასუხს პროკურატურისგან“, – განაცხადა მან.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავარ პროკურორთან შეხვედრიდან ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო გამოძიების დეტალები მათთვის ცნობილი, თუმცა 45 დღე გავიდა და არაფერი შეცვლილა.
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ოჯახი შვილის დანაშაულს გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ სპეცრაზმელებმა თემირლან მაჩალიკაშვილს შეცდომით ესროლეს.