უცხოეთი
საპარლამენტო არჩევნებში ბერლუსკონის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მზადაა, იტალიის პრემიერი გახდეს

     საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის პარტიის Forza Italia-ს გამარჯვების შემთხვევაში, მზად არის იტალიის პრემიერი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მანამდე ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ Forza Italia-ს თანადამფუძნებელი ანტონიო ტაიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერობის კანდიდატად შეარჩია, თუმცა მისი თქმით, ტაიანის შეთავაზება ჯერ არ მიუღია. მოგვიანებით, ტაიანიმ ბერლუსკონის „პატივისცემის ჟესტისთვის“ მადლობა გადაუხადა.
„მე ვუთხარი მას, რომ მზად ვარ, ვემსახურო იტალიას“, – განაცხადა ტაიანიმ.
სილვიო ბერლუსკონი ევროპარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას მიესალმება.
სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოთხი ვადით იკავებდა, თუმცა ამჯერად მას ნასამართლეობის გამო სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება არ აქვს.
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის პარტიის მემარჯვენე ბლოკი წიანსაარჩევნო რბოლაში ლიდერობს. ბერლუსკონის ბლოკში სულ ოთხი პარტია შედის, მათ შორის ულტრამემარჯვენე „ჩრდილოეთის ლიგა“ და ნაციონალისტური „იტალიის ძმები“.
თუმცა, წინასწარი გამოითხვების მიხედვით, უმრავლესობის მოპოვებას პარლამენტში ვერც ერთი პოლიტიკური ჯგუფი ვერ შეძლებს.