საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ზუსტად 26 წლის წინ, 1992 წლის 3 მარტს, დამოუკიდებელი საქართველოს თავისუფალი ჟურნალისტიკის სათავეში მდგომმა გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა და კალმის დიდოსტატმა ლაშა ნადარეიშვილმა დააარსა ქართული გაზეთი „ასავალ-დასავალი“.
26 წლის განმავლობაში საქართველოში 4-ჯერ შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ თავისი კაპიტნის მტკიცე ხელით მართულ ქართული პრესის ფლაგმან „ასავალ-დასავალს“, სასიკვდილო ქარიშხლებსა და შტორმში უდრეკად ეკავა კურსი საქართველოსკენ, რითაც ქართველ ხალხში სახალხო გაზეთისა და ქვეყნის უახლესი ისტორიის მემატიანის სახელი მოიპოვა.
ნადარეიშვილის, როგორც მედია-მენეჯერისა და მთავარი რედაქტორის ნიჭის წყალობით, „ასავალ-დასავალი“ იქცა ცნობილი ქართველი ჟურნალისტებისა და პუბლიცისტების alma mater-ად, ბევრმა მათგანმა დროთა განმავლობაში თავისი შემოქმედება სხვა გამოცემებში განაგრძო და სათავეშიც ჩაუდგა მათ, თუმცა, გულით სამუდამოდ მშობლიური გაზეთის რედაქციაში დარჩა.
ქართული საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ ულოცავს დამოუკიდებელი და ზეპარტიული გაზეთი „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტურ კოლექტივს, მის დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს 26 წლის იუბილეს!
ახალ-ახალ გამარჯვებებს გისურვებთ, ძვირფასო მეგობარ-კოლეგებო, დღეგრძელობას და ზურგის ქარს აფრებში!
„საქინფორმის“ ჟურნალისტების სახელით -
მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი