როგორც საქინფორმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტში დღეს ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტთან და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI ) ერთად მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმის საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის (MPP) ახალი სამაგისტრო პროგრამა დაარსდება. ინიციატივას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.მემორანდუმი ზემოხსენებულ უნივერსიტეტებსა და EWMI-ის ,,საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების’’ (G-PAC) პროგრამას შორის თანამშრომლობის პირობებს განსაზღვრავს.
ხელმოწერის ცერემონიაზე საზოგადოების წინაშე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯოკ ქონლი წარსდგება. ღონისძიებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე, კოლუმბიის უნივერსიტეტის – პიკერის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, უილიამ ემეკი, საერთაშორისო ეკონომიკის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის პროგრამის დირექტორი არვიდ ლუკაუსკასი და EWMI-ს – G-PAC პროგრამის ხელმძღვანელი ფრონ ნაზი მიიღებენ მონაწილეობას.
პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე იქმნება, თუმცა პროგრამის რესურსები სხვა უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. ამ კუთხით განსაკუთრებული აქცენტი რეგიონულ უმაღლეს სასწავლებლებზე გაკეთდება.
სამაგისტრო პროგრამა USAID-ის მიერ დაფინანსებული G-PAC-ის პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია. G-PAC-ის მიზანი თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო პოლიტიკის სწავლებისა და ანალიზის ხარისხის გაუმჯობესება და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაა. მაგისტრატურის შექმნის გარდა, G-PAC–ი ქართულ უნივერსიტეტებს უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერის (UAG) 10000 აშშ დოლარამდე ღირებულების გრანტებს სთავაზობს. მათი მიღება ყველა იმ უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია, რომელთაც საჯარო პოლიტიკის, სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკური მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აქვს და მათი ხარისხის ამაღლება უნდა.