საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. თბილისელ ტაქსის მძღოლებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესწორებების თანახმად, 200-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ, თუ მგზავრებს უნებართვოდ ან ნებართვის წესების დარღვევით გადაიყვანენ. შესწორებების თანახმად, თუ ტაქსის მძღოლი 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის ჯარიმას, მას ჯარიმის ორმაგი რაოდენობის საურავი დაერიცხება.
საკანონმდებლო შესწორებების პაკეტი განსახილველად უკვე შევიდა საქართველოს პარლამენტში. ცვლილებების ინიციატორები არიან უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი.
იმის თაობაზე, რომ თბილისში სავალდებულო გახდება ტაქსის რეგისტრაცია და მძღოლმა მუშაობის ნებართვა უნდა აიღოს, იანვარში ქალაქის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.
უფრო ადრე მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლად მუშაობის საფასურის გადახდა ერთჯერადი იქნება, თან — მინიმალური. გარდა ამისა, მერია მუშაობს იმაზე, რომ ტაქსისტად მუშაობის ნებართვის აღება ონლაინ რეჟიმში გახდეს შესაძლებელი. ნებართვის ასაღებად საჭირო იქნება პირადობის მოწმობისა და მართვის მოწმობის წარდგენა.