საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციის წესების დარღვევის პრევენციისთვის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. ცვლილებათა პაკეტის ერთი ნაწილი, სავარაუდოდ, გვარის გამოცვლის პროცედურას გაართულებს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა, გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც შეშფოთებით საუბრობენ საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობის ზრდაზე, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ. ან იმ მოქალაქეებზე, რომლებიც არღვევენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, რის გამოც, შესაძლოა, კითხვის ქვეშ დადგეს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი.
“სამწუხარო იქნება, თუ გარკვეული პირების, რომლებიც ამ შეღავათით არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ, მსხვერპლი გახდება დანარჩენი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებების შემუშავება დაგვჭირდება. ერთი ასეთი ცვლილება გვარის შეცვლის რეჟიმში ცვლილებებია”, – განმარტავს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იუწყება JAMNEWS.
დღეს საქართველოში გვარის შეცვლის პროცედურა საკმაოდ ლიბერალურია. მთავრობა კი გამკაცრებას გეგმავს. გვარის შეცვლას ვერ შეძლებენ ის პირები, ვინც ძებნილია, მათ შორის ინტერპოლის არხებით. ასევე, გვარის შესაცვლელად პირს დასჭირდება, თვითონ გამოცხადდეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში და ამ პროცედურას ვერ გაივლის წარმომადგენლის მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ პირს კვლავაც ექნება უფლება, საკონსულოში შეიტანოს განცხადება გვარის შეცვლის თაობაზე, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაზე, ის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა მთავრობის მომავალ სხდომაზე იგეგმება.