საზოგადოება
თბილისში ისევ დიდი ხანძარი მოხდა - სავაჭრო ცენტრ „თერგში“ ცაბაძის ქუჩაზე, სტადიონ „დინამოსა“ და ვაგზლის მოედნის მახლობლად, 3 000 კვ. მ. ფართობი დაიწვა (სამი ვიდეო)

     საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ხანძარი ღამით, დაახლოებით 00:30-ზე დაიწყო, როდესაც სავაჭრო ცენტრი დაკეტილი იყო, ამიტომ არავინ დაშავებულა. ცეცხლის ქრობაში 40-მდე სახანძრო მანქანა და 150 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა (იხ. ვიდეო N1).
ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სავაჭრო კომპლექსის მეორე სართულზე, ერთ-ერთ საკანცელარიო მაღაზიაში გაჩნდა. არსებობს ვერსია, რომ ხანძარი პროვოცირებული იყო ელექტრომომარაგების სისტემის გაუმართაობით (იხ. ვიდეო N2). თუმცა მაღაზიების მფლობელები აცხადებენ, რომ სისტემა 2017 წლის იანვარში თბილისში, „ბავშვთა სამყაროში“ მომხდარი მასშტაბური ხანძრის შემდეგ განაახლეს.
ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები, რომლებიც ტერიტორიაზე არ უშვებენ მაღაზიათა მფლობელებს, თითოეულის ზარალი 20 ათას ლარს აჭარბებს. ისინი აღნიშნავენ, რომ შენობაში ტანსაცმლისა და პროდუქტების მაღაზიები ჰქონდათ და საქონელი დაზღვეული არ იყო.
ხანძრის შემდეგ ტერიტორია ჯერ კიდევ ძლიერ დაკვამლიანებულია (იხ. ვიდეო N3). შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახი კალაძე და საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.