პოლიტიკა
გიორგი არველაძეს სიუჟეტი კახა კუკავას წინააღმდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუკვეთა

kukava_giorgadzeგუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით საზოგადოებამ „მოდელირებული ქრონიკის“ მორიგი გამოშვება იხილა, სადაც საუბარი იყო იგორ გიორგაძის, მასხულიასა და სხვათა ფინანსების შესახებ. ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველო“ თვლის, რომ თავისთავად ინფორმაცია ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი პირისა და ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის, კახა კუკავას კავშირის შესახებ წარმოადგენს კრიმინალს და მიმართავენ პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, საიდან ფლობს „იმედის“ ხელმძღვანელი გიორგი არველაძე ამ ინფორმაციას.

როგორც კახა კუკავამ საქინფორმთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეშფოთებულია მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ ბოლოდროინდელი აქტივობით და განსაკუთრებით ჩვენი წარმატებული ვიზიტით სტრასბურგში, სადაც დღის წესრიგში დადგა კონკრეტული ინიციატივები საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებათა გამოძიების შესახებ.

 

დღეს, 17:00 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში დაგეგმილია საჩივრის განხილვა თვითრეგულირების მექანიზმების ფარგლებში ამავე ტელეკომპანიის მიერ გასულ თვეში გავრცელებულ კიდევ ერთ დეზინფორმაციაზე, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერების სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით. საჩივრის განხილვა საჯაროა.

„თუ ტელეკომპანია არ უარყოფს ამ ინფორმაციას, მას დაეკისრება სოლიდური ჯარიმა და დადგება საკითხი საქართველოს ფარგლებს გარეთ მისი აკრედიტაციის გაუქმების შესახებ,“ – აცხადებს ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი მირიან ნიკოლაძე.