უცხოეთი
ბორის ჯონსონი - თუ დადასტურდა, რომ სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, მათზე ავიაიერიშს მივიტანთ

     საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად სირიის მთავრობის წინააღმდეგ ავიაიერიში უნდა განახორციელოს, თუ საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ბაშარ ასადი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს.
BBC Radio-სთან ინტერვიუში ჯონსონმა იმედი გამოთქვა, რომ მის აზრს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებიც გაითვალისწინებენ.
ორი კვირის წინ იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც.
სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ პირველად ინფორმაცია 2013 წელს გავრცელდა. ღუტაში მდებარე საავადმყოფოს ექიმები ამტკიცებდნენ, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს ზარინის გაზით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდათ.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) ინფორმაციით, სირიაში ქიმიური იარაღი სულ მცირე 30-ჯერ გამოიყენეს. 2017 წლის 4 აპრილს იდლიბის პროვინცია ხან შეიხუნში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისა და გაერო-ს ერთობლივი გამოძიება დაიწყო. ბაშარ ალ ასადის რეჟიმი და მისი მოკავშირე რუსეთი დასავლეთის ბრალდებას ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ კატეგორიულად უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ზარინის გაზით თავდასხმა მეამბოხეებმა განახორციელეს. გაეროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუციას რუსეთმა ვეტო დაადო.
1997 წელს ქიმიური იარაღის კონვენციის თანახმად, ზარინის ქიმიური იარაღის სიაში შეიტანეს, რის საფუძველზეც აღნიშნული ნივთიერების წარმოება და შენახვა აიკრძალა.