სამართალი
საქართველოდან ევროპოლში მეკავშირე ოფიცერი იმუშავებს

     საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველო ევროპოლში მეკავშირე ოფიცერს გაგზავნის. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განაცხადა, რომელმაც გერმანიასა და ავსტრიაში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
მისი თქმით, ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის გაგზავნა ევროპოლთან მემორანდუმების გაფორმების შემდეგ იგეგმება. ასევე გათვალისწინებულია ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხის ამოქმედება.
შეხვედრები გავმართეთ ჩვენს გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან. მათთან ერთად დეტალურად განვიხილეთ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების მხრივ არსებული სტატისტიკა, ასევე, დანაშაულის მაჩვენებელი. გვაქვს გარკვეული ზრდა, თუმცა ეს მაჩვენებლები საგანგაშო ნამდვილად არ არის. კოლეგებს გავაცანით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის გვარის შეცვლის პროცედურის გართულება, რომელიც ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, ასევე, საინფორმაციო კამპანია, რომელიც უკვე დავიწყეთ. ჩვენი კოლეგები მიესალმებიან ღონისძიებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ატარებს“, – განაცხადა ჯავახაძემ.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ შეხვედრებზე გერმანელ კოლეგებთან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების საკითხიც დააყენა, ვინაიდან შს მინისტრის მოადგილის შეფასებით, ასეთი სტატუსი მნიშვნელოვნად ამცირებს თავშესაფრის მაძიებლების განაცხადის განხილვის ვადას.
ასევე, კოლეგებს გავაცანით სამომავლო გეგმები. კერძოდ, დაგეგმილი ვიზიტი ევროპოლში. ამ ვიზტის ფარგლებში მინისტრი მემორანდუმებს მოაწერს ხელს, რის შედეგადაც ჩვენ უკვე შევძლე, ევროპოლში გავგზავნოთ ჩვენი მეკავშირე ოფიცერი, ასევე, გავცვალოთ ოპერატიული ინფორმაცია ევროპოლის უსაფრთხო არხების მეშვეობით“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
როგორც შს მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მხარეები ოპერატიული ინფორმაციის უფრო ინტენსიურად გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, შეხვედრებზე დადებითად შეფასდა პოლიციის ატაშეების როლი როგორც ავსტრიაში, ასევე, გერმანიაში.
შსს გეგმავს, სხვა ქვეყნებშიც მიავლინოს პოლიციის ატაშე, ვინაიდან ეს ინსტიტუტი, როგორც ჩანს, ძალიან ზიტიურია და პროდუქტიულად მოქმედებს“, – აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს ჰერბერტ როილს შეხვდა. ჯავახაძე ავსტრიის რეპუბლიკასაც ეწვია.