აქტუალური
აღიარებული იქნება საქართველოს კონტრიბუცია ნატოში, ნატოს პარტნიორის სტატუსი და მისი მისწრაფება ალიანსში, მაგრამ ნატოში საქართველოს ბრიუსელის სამიტზე არ მიიღებენ

     საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. ეს იყო ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ჯეიმი შეას მიერ „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გამოთქმული მთავარი აზრი.
ჯეიმი შეა ამერიკული ინსტიტუტის The Heritage Foundation-ის მკვლევრის ლუკ კოფის იდეას გამოეხმაურა - საქართველოს ნატოში გაწევრიანებას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. „არ მიმაჩნია, რომ ეს სწორი მიდგომაა, რადგან ეს ტერიტორიები ეკუთვნის საქართველოს და არავის სხვას. ნატო არ აღიარებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ერთ ქვეყანას თავის საზღვრებში. ეს არის ერთი ქვეყანა, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფვის, თუმცა ერთ რამეს მაინც ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ლუკის ყველა იდეას არ ვეთანხმები, რაც მან გააკეთა, არის საჭირო დებატების დასაწყისი, რადგან აქ ძალიან ბევრი ადამიანი ასახელებს მიზეზებს, თუ რატომ ვერ იქნება საქართველო ნატოს წევრი, მაგრამ არასაკმარისია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც იტყვიან, თუ რატომ უნდა იყოს საქართველო ნატოს წევრი“, - განაცხადა, კერძოდ, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ.