აქტუალური
ენგურჰესის გეგმური რემონტის დროს 2019 წელს აფხაზეთს ენერგოდეფიციტი ემუქრება

     საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. „ინვესტიციებისა და უცხოელ ინვესტორებთან ერთობლივი საწარმოების შექმნის გარეშე ენერგეტიკის დარგი ეფექტიანად ვერ განვითარდება“, - აღნიშნა აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის მდივნის თანაშემწემ დანიილ უბირიამ Sputnik-თან ინტერვიუში.
„ენერგეტიკა ეკონომიკის ლოკომოტივია, მაგრამ მისთვის აუცილებელი ინვესტიციების მასშტაბი ძალიან დიდია. ამასთან, ინვესტორების მონაწილეობა არ გამორიცხავს დარგში სახელმწიფოს მონაწილეობას. სახელმწიფოს გარეშე აქ რაიმეს გაკეთება შეუძლებელია, პირველ რიგში, სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტაში“, - განაცხადა უბირიამ.
ენგურჰესის რემონტის დროს ალტერნატივად, შესაძლოა, იქცეს ელექტროენერგია კრასნოდარის მხარიდან, რისთვისაც აუცილებელია მაღალი ძაბვის ახალი ხაზების მშენებლობა.
რუსული ბიზნესი აფხაზეთის ხელმძღვანელობას დიდი ხანია, სთავაზობს ინვესტორთა საკუთრების დაცვის გაძლიერებას და რფ-დან ელექტროენერგეტიკაში ინვესტიციებზე შეზღუდვების მოხსნას. 2017 წლის 31 ივლისს აფხაზეთის პარლამენტის მიერ ელექტროენერგეტიკის კანონმდებლობაში მიღებულმა შესწორებებმა რუსული ინვესტიციები შეუძლებელი გახადა.
ცნობისათვის: აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს რეგისტრირებულია 230-ზე მეტი კომპანია 100-პროცენტიანი რუსული კაპიტალით და 240 ერთობლივი აფხაზურ-რუსული საწარმო.