საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. სამი რუსული საერთაშორისო აეროპორტის — „ჟუკოვსკის“ (მოსკოვის ოლქი), „პულკოვოს“ (სანკტ-პეტერბურგი) და „ყაზანის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველო დღეს რუსეთის მოქალაქეებისათვის ყველაზე პოპულარული და სტაბილური მიმართულებაა. თბილისში მიმდინარეობს ევროპის საავიაციო მე-15 ფორუმი CONNECT-2018, სადაც თანამშრომლობის დამყარებისა და საერთაშორისო ავიაციის წინაშე მდგომი გამოწვევებისა და პრობლემების განხილვის მიზნით წამყვანი მსოფლიო ავიაკომპანიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
„თბილისი და სანკტ-პეტერბურგი — ურთიერთსაინტერესო მიმართულებებია. საქართველო ძალიან საინტერესო ადგილია რუსი ტურისტებისათვის, თანაც ნებისმიერ სეზონზე, სხვა ყველაფრის გარდა, კლიმატური პირობებისა და სამთო-სათხილამურო კურორტების გამო. რა თქმა უნდა, რუსები დიდი სიამოვნებით დაფრინავენ და იფრენენ საქართველოში. ამასთან, ქართველი ტურისტებისთვის სანკტ-პეტერბურგიც ძალიან საინტერესოა“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ აეროპორტ „პულკოვოს“ კომერციულმა დირექტორმა ევგენი ილინმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ახლა ლოუკოსტერიც დაფრინავს — დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „პობედა“, რომლის წარმომადგენელი ასევე მონაწილეობდა საერთაშორისო ავიაფორუმში. ავიაკომპანიის განვითარების მენეჯერის ანტონ ვეტრიშჩაკის თქმით, რეისი კვირაში ორჯერ ხორციელდება, თუმცა მისი წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ რეისების რაოდენობა გაიზარდოს და გაჩნდეს პირდაპირი რეისები თბილისი-მოსკოვის მიმართულებით.
„ახლა ვასრულებთ ყოველდღიურ რეისებს მოსკოვიდან თბილისში როსტოვის გავლით. ახლახან ამოქმედდა პირდაპირი რეისი სანკტ-პეტერბურგში, რაც ძალიან გვიხარია. აქამდე დიდხანს მოვდიოდით და როგორც იქნა, ამ რეისების შესრულების უფლება მოვიპოვეთ. ჯერჯერობით კვირაში ორჯერ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში რეისების რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ თბილისში რუსეთის სხვა ქალაქებიდან ახალი მიმართულებები გავხსნათ“, — განაცხადა ვეტრიშჩაკმა.
კომპანია Basel-ის საავიაციო კომერციის დირექტორმა ასიათ ხალვაშმა „Sputnik-საქართველოსთან“ იმის შესახებ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება კრასნოდარი-თბილისის მიმართულებით რეისების ამოქმედებაზე. „კრასნოდარიდან ჯერჯერობით არ გვაქვს პირდაპირი რეისი თბილისში, მაგრამ ამ ზაფხულს პირდაპირი მიმოსვლის გახსნას ვაპირებთ. საქართველო რუსეთისათვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა, ის დღეისათვის ძალიან პოპულარულია. თანაც კრასნოდარის მხარეში ქართული დიასპორა გვყავს, ვფიქრობ, მათთვის ძალიან მოხერხებული იქნება სამშობლოში პირდაპირი რეისებით ფრენა“, — განაცხადა ხალვაშმა.
აეროპორტ „ჟუკოვსკის“ წარმომადგენლებმა გვიამბეს, რომ საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის მუშაობა ბათუმის მიმართულებით რეისების ამოქმედებაზე მიმდინარეობს. „2018 წლის ზაფხულიდან გეგმავენ, რომ თბილისში რეისი ყოველდღე შესრულდეს. მიმდინარეობს მუშაობა ავიაკომპანია ЮВТ Аэро-სთან ბათუმი-ჟუკოვსკის მიმართულებაზე. ავიაკომპანიამ უკვე შეიტანა განაცხადი, რათა ამ რეისის შესრულებაზე ნებართვა მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის დასაწყისისათვის მიიღოს“, — განაცხადა აეროპორტ „ჟუკოვსკის“ მთავარმა მარკეტინგ-მენეჯერმა გალინა ტელპიზმა.
წელს თბილისში პირდაპირი რეისები ყაზანიდანაც შესრულდება. ყაზანის საერთაშორისო აეროპორტის სტრატეგიული განვითარების დირექტორის ვერონიკა აკტაშევას თქმით, 28 მარტს პირველი რეისი ყაზანი-თბილისი შესრულდება. „რეისს ავიაკომპანია Georgian Airways კვირაში ორჯერ, სავარაუდოდ, ორშაბათობით და პარასკეობით შეასრულებს. საქართველო დსთ-ის ქვეყნებში თბილისის გავლით ტრანსფერის მიხედვით პირველ ადგილზეა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს მიმართულება ძალიან სტაბილური და გრძელვადიანი იქნება. ამ რეისის აუცილებლობაში არავის ეჭვი არ შეეპარება“, — ხაზგასმით აღნიშნა აკტაშევამ.
საქართველოს 2017 წელს 7,5 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც 18%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. რუსეთის მოქალაქეების რიცხვმა 1,3 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 30%-ით მეტია.