სამართალი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციას „რუსული მართლმსაჯულების ინიციატივა“ 08.08.08. ომის შესახებ მონაცემებს გადასცემდა, რომლებითაც ქართველ ჯარისკაცებს დანაშაულები ბრალდებოდათ!

     საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმაურიანი განცხადებებით დაიწყო. საბჭოს მოსამართლე წევრებმა ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ის, შესაძლოა, ორგანიზაციას საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
"ანა დოლიძე საამაყოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აგროვებდა 2008 წლის აგვისტოს ომში ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომეტირებელ მასალებს იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყოფილიყო საჩივრები ევროპულ სასამართლოში და პირიქით, იაფფასიანად მიიჩნევს პატრიოტულ გრძნობებს ადამიანში. ჩვენ გვიჩნდება კითხვა და, ალბათ, საზოგადოებასაც უჩნდება კითხვა, ამგვარი მორალის ადამიანი რატომ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მონაწილეობას იღებდეს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიც არის მოსამართლეების დანიშვნა", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
სერგო მეთოფიშვილის თქმით კი, ანა დოლიძის მუშაობის პერიოდში მის ორგანიზაციას შეტანილი აქვს სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ.
"მე არ ვამბობ, რომ ანა დოლიძე არის მატაჰარივით შპიონი, ალბათ, თანამშრომლობდა ანაზღაურების გამო. ეს ორგანიზაცია ოკუპანტის სასარგებლოდ ატარებდა კვლევებს", - აღნიშნა მეთოფიშვილმა.
თუმცა დოლიძე ამბობს, რომ ორგანიზაცია სახელწოდებით „რუსული მართლმსაჯულების ინიციატივა“, რომელთანაც ის თანამშრომლობდა, ჰოლანდიაში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იძიებს საქმეებს და სწორედ მათი სახელით ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სარჩელი შევიდა.
"სამწუხაროა, რომ საბჭო აგრძელებს იმავე ხაზს, ეს არის ჩვეულებრივი შავი პიარკამპანია, იმისათვის, რომ ყურადღება გადავიდეს იმ პრობლემებიდან, რომელიც აქვს მართლმსაჯულებას. ეს არგუმენტი არის პირდაპირი გაგრძელება ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გაჟღერებული სიცრუისა. ორგანიზაცია რომელთანაც ვთანამშრომლობდი, არის ჰოლანდიაში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის ამოცანა არის და იყო რუსეთის გასამართლება ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის", - აღნიშნა დოლიძემ.
8 იანვარს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა.