სამართალი
გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს

     საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. როგორც გერმანიაში საქართველოს საკონსულოში განაცხადეს, ქვეყანა დაატოვებინეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობები ჰქონდათ დარღვეული.
"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გუშინ განხორციელდა მორიგი რეადმისია, უკან გამოაბრუნეს საქართველოს 65 მოქალაქე, რომლებმაც დაარღვიეს ევროკავშირის სივრცეში ყოფნის სავიზო რეჟიმი", - განაცხადეს საკონსულოში.
გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას თავად გერმანიაში მცხოვრები ქართველებიც ავრცელებენ. მათი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეადმისიას დაექვემდებარნენ, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და ბადენ-ბიურტემბერგში ცხოვრობდნენ.
მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სასამართლოში უამრავი საქმეა დანიშნული და ყველა მათგანი სწრაფი ტემპით წყდება.