საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანს პასუხობს და იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც თეა წულუკიანმა პარლამენტში გააკეთა. სააკაშვილზე საუბრის დროს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი სავალალო მდგომარეობაშია და ასეთ სიტუაციაში ყოფნას საქართველოს არცერთ პრეზიდენტს არ უსურვებდა.
„ჩერჩილს ერთ-ერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ერთ-ერთი ქალბატონი და უთხრა - ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ მთვრალი ხართ, რაზეც ჩერჩილმა ძალიან აუღელვებლად უპასუხა - ქალბატონო, მე მართლაც მთვრალი ვარ, ძალიან, ძალიან მთვრალი ვარ და თქვენ მახინჯი ხართ. ძალიან, ძალიან მახინჯი ხართ! ოღონდ, ხვალ დილას მე გამეღვიძება და უკვე ფხიზელი ვიქნებიო. ეს არის ჩემი პასუხი წულუკიანს.
მინდა, ვთქვა, რომ ივანიშვილი და წულუკიანი, თავისი მასშტაბების გამო, იქაც ვერ მომწვდნენ, სადაც ჩემზე მოწვდენა უნდოდა ივანიშვილს პატრონს პუტინს. იქამდეც ვერ მომწვდნენ ეს სუბიექტები და ვერც მომწვდებიან, მაგრამ მალე ქართველი ხალხი მისწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს“, - განაცხადა სააკაშვილმა.