რელიგია
ილია მეორემ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობისკენ მოუწოდა

ilya2საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობისკენ მოუწოდა.
"გვწამს, რომ მალე დადგება ის ბედნიერი დღე, როცა საქართველო გამთლიანდება. საჭიროა ერის მთლიანობა. დღეს არის საშუალება, ინტერნეტის მეშვეობით ერთმანეთს დავუკავშირდეთ და მოვიკითხოთ", - განაცხადა უწმინდესმა ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში. ცერემონიას ბრიტანეთში მცხოვრები 1000-ზე მეტი ქართველი დაესწრო.
კათოლიკოს–პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მმართველი მეუფე ზენონი მთავარეპისკოპოსად აკურთხა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქი ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. ის ლონდონში ბრიტანეთის ბიბლიოთეკასაც მოინახულებს, სადაც მე-11 საუკუნის ქართული ხელნაწერი ინახება, რომელშიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველი მამების მოღვაწეობაა აღწერილი.

კათოლიკოს–პატრიარქი ინგლისში ანგლიკანური ეკლესიის მეთაურის, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის როუენ დუგლას უილიამსის მიწვევით იმყოფება და იქ 15 თებერვლამდე დარჩება.

ილია მეორე მონაწილეობას მიიღებს “მრგვალი მაგიდის” მუშაობაში, რომელიც გაიმართება ლონდონში შემდეგი სახელწოდებით: “დღევანდელი ეკლესიის მისია თანამედროვე სწრაფად ცვალებად საზოგადოებასა და გლობალური არეულობის ეპოქაში”.