სააკაშვილის ხელმძღვანელობის უკანასკნელი წლების განმავლობაში ქუჩები რომ ბევრად უფრო სუფთა და მოწესრიგებულია, ქართველებმაც, კეთილი ნებითა თუ პატრულის შიშით, ელემენტარული მოძრაობის წესების დაცვაც რომ ისწავლეს, ნამდვილად მისასალმებელია და ამაზე არც არავინ დავობს.
ქვეყნისა და ქალაქის განვითარებისთვის ახალი ნოვაციების დანერგვა აუცილებელია, პრიორიტეტად ჩვენმა ხელისუფლებამ ქალაქის საცობებისგან განტვირთვა მიიჩნია და სწორედ ამ მოტივით აიგო თბილისში არაერთი ხიდი, რომლებითაც ქვეითებმა, წესით, ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩაზე გზა კომფორტულად და უსაფრთხოდ უნდა გადაკვეთონ.
2009 წელს პირველი ასეთი ხიდი მარშალ გელოვანის საკმაოდ ფართო გამზირზე გამოჩნდა, თუმცა დღესდღეობით ამგვარი ხიდები თითქმის ყველა უბანშია და ზოგან ისეთ ვიწრო ქუჩებზეც კი, სადაც, ქუჩის სივიწროვის გამო, ხეებიც კი გაჩეხეს, მაგრამ ხიდების აგების აუცილებლობა ამ ქუჩებზე ნამდვილად არ იყო. მეტროსადგურებთან: "დიდუბე" და "სარაჯიშვილი" ამ ხიდების აგების შემდეგ საერთოდ გააუქმეს შუქნიშანი, რამაც, რა თქმა უნდა, საცობები და მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.ხელისუფლების ეს წამოწყება სრულებით არ ითვალისწინებს ინვალიდებისა და მოხუცების მდგომარეობას, რადგან გრძელი და მაღალი კიბის საფეხურებზე ავლა არა მარტო მოხუცებს (ინვალიდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ზოგიერთ ახალგაზრდასაც უჭირს.
მთავრობის განცხადებით, ამგვარი ხიდები, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ყოველდღიურობაა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საზღვარგარეთ არ უწევთ ამ დამქანცველი კიბის ავლა, რადგან იქ ეს ხიდები ექსკალატორებით არის აღჭურვილი.
საქინფორმი შეეცადა, გაერკვია, თუ რამდენი ხიდი გვაქვს ამჟამად დედაქალქში და რა დაუჯდა სახელმწიფოს მათი აგება.
მერიის ცხელ ხაზზე (72 22 22) განგვიმარტეს, რომ ეს, რა თქმა უნდა, საჯარო ინფორმაციაა, თუმცა ამის გასარკვევად ჩვენ კეთილმოწყობის სამსახურს წერილობით უნდა მივმართოთ და 7 დღის ვადაში მივიღებთ პასუხს.
ამიტომ საქინფორმის ჟურნალისტმა მერიის პრესსამსახურს ნომერზე 37 82 04 დაურეკა, მაგრამ ამაოდ, ამ ნომერზე არავინ პასუხობს.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, საქინფორმმა საჭირო ინფორმაციის მოპოვება სხვა გზით მაინც მოახერხა. აღმოჩნდა, რომ ერთი ხიდის კონსტრუქციის აგება და მონტაჟი 150.000 ლარი ჯდება; 2009 წლის განმავლობაში სულ 20 ხიდი აუგიათ, ამდენივე უნდა აგებულიყო 2010 წელსაც. გამოდის, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ქალაქის ბიუჯეტიდან მხოლოდ ამ საქმისთვის 6 მილიონი ლარი დაიხარჯა. რატომ არ ეყო ეს თანხა ხიდების ნომრალური საღებავით შეღებვას, არავინ იცის. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ლითონის კონსტრუქციები დღეს საშინლად დაჟანგული და ვიზუალურად შემზარავია სანახავია.
ხიდის არაკომფორტულობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს აღშფოთებული მოსახლეობა. რაც შეეხება ხიდებზე ექსკალატორების დამონტაჟების საკითხს, მერიაში გვითხრეს, რომ მსგავსი სამუშაოები უახლოეს მომავალში არ იგეგმება; ინვალიდებისა და მოხუცებისთვის კი, შესაძლოა, ხიდებზე ელექტროლიფტები დაამონტაჟონ, რომლებიც, სავარაუდოდ, ფასიანი იქნება.