საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ქვეყნებში ქართველების კრიმინალურ ჭრილში წარმოჩენას რუსეთის პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს. ამ თემაზე მან თელავში, სტუდენტებთან შეხვედრისას ილაპარაკა.
„ყველა სახელმწიფოში, ყველა ერში არიან კრიმინალები. სახელმწიფოები განსხვავდებიან იმით, რამდენად ორგანიზებულად აღკვეთენ დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენი პოლიციის ატაშეები აქტიურად მუშაობენ.
დღეს ყველგან, ვაშინგტონში თუ ევროპის დედაქალაქებში რუსულ პროპაგანდაზე საუბრობენ. მიზანმიმართულად ახორციელებენ ამ საკითხის პედალირებას, მათ მიზანს წარმოადგენს მოკავშირეთა შორის დაბნეულობისა და ერთმანეთზე ნეგატიური იმიჯის შექმნა. სწორედ რუსეთის პროპაგანდის შედეგია, რომ ამბობენ, ევროპა ქართველობას წაგვართმევსო.
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რეგულაციები და კრიმინალი აღკვეთილი უნდა იყოს.
ქართველების წარმატება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობა, მძიმედ აღიქმება რუსი პოლიტიკოსების მიერ. აკეთებენ ისე, რომ წარმოჩნდეს, თითქოს ქართველები რამე სირთულეს ქმნიან. მე ვხედავ, რომ საქართველო ამ საკითხთან მიმართებაში გახსნილია. უნდა ვიმუშაოთ ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა შეხვედრაზე, რომლის შესახებ დღეს საქინფორმი იუწყება.