პუბლიკაციები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მემორანდუმი ა(ა)იპ ორგანიზაციებთან

     საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ა(ა) იპ ორგანიზაციებთან: ახალგაზრდულ მედია კავშირი“, „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსთვის და მედია კავშირი თანაბარი უფლებებისთვის“.
მემორანდუმის მიზანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებებში დაჭრილ-დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო მოსამსახურეების ინტეგრაცია საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებაში, სპორტულ-კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის მიღებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გზით.
ასევე, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ ტრენინგების გამართვა მოზარდებისთვის სამოქალაქო თავდაცვისა და გარემოზე ზრუნვის საკითხებზე; სხვადასხვა პროექტების განხორციელება, ახალგაზრდებში ღირსეული სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით; დისკუსიების და ტრენინგების ორგანიზება სამოქალაქო თვითშეგნების, ცხოვრების ჯანმრთელი წესისა და სპორტულ-კულტურულ აქტივობებში ჩართვის პოზიტიურ მხარეებზე, ომის, სიძულვილის ენისა და ოპონენტების მიმართ აგრესიის გამოვლინების შედეგებისა და მათი პრევენციის ღონისძიებებზე.