პოლიტიკა
ინგა გრიგოლია: „თუ შენს ხალხს სიბნელეში საცხოვრებლად წირავ, მიიღებ სოციალურ აფეთქებას“

inga-grigolia5თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატები“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი მათი სარჩელის მოკლე ვადაში განხილვას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესის დაწყებას განგებ აჭიანურებს.

როგორც საქინფორმთან საუბრისას ფრაქციის წარმომადგენელმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, კომუნალური ტარიფების ერთიანi სისტემით გადახდის წესი აუცილებლად უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში „სინათლის ქალაქი“ თბილისი, შესაძლოა, ჩაბნელებული ვიხილოთ.

„მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად ძვირდება საკვები პროდუქტები, როდესაც უმუშვერობის მაჩვენებელი 60–70 %–ის ფარგლებში მერყეობს და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა კიდევ 20%–ის შემცირება იგეგმება, მსგავსი სისტემის შემოღება ყოვლად მიუღებელია. ერთ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თბილისს „სინათლის ქალაქს“ უწოდებს, ეს გადაბრდღვიალებული ქალაქი, შესაძლოა, ჩაბნელებული იხილოს და ეს სულაც არაა პოლიტიკური დემაგოგია, ეს რეალობაა. არ მინდა, რაც ეგვიპტეში ხდება, იგივე ვნახო საქართველოში. როგორც იცით, იქ არეულობა სწორედ სოციალურმა პრობლემებმა წარმოშვა და იგივე საფრთხეები დღეს უკვე საქართველოშიც რეალურია – თუ შენს ხალხს სიბნელეში საცხოვრებლად წირავ, რა თქმა უნდა, მიიღებ სოციალურ აფეთქებას“, – განაცხადა გრიგოლიამ და დასძინა, რომ „ეს პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს“.

მისივე თქმით, „ქრისტიან–დემოკრატები“ აღნიშნულ პრობლემას საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ სააკაშვილის მისვლის დღესაც საკმაოდ მწვავედ დააყენებენ.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ოქტომბერში "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის" შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც მოსახლეობას შუქის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების საფასურის გადახდა ერთიანი, ინტეგრირებული ქვითრით მოუწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად გუშინ ამოქმედდა.