პოლიტიკა
სააკაშვილის ღვიძლი ბიძა: მე ვიყავი, ვარ და ვიქნები სააკაშვილის მრჩეველი, ყოველთვის გვერდით ვყავდი და ვეყოლები, მაგრამ - არაოფიციალურად. კონტრაქტი უნდა შესრულდეს! (ვიდეო)

     საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ტელეარხმა НТВ-მ პროგრამაში „ახალი რუსული სენსაციები“ აჩვენა დოკუმენტური ფილმი-ინტერვიუ „სააკაშვილის ფარული მფარველი“ (ვიდეო იხ. აქ).
ინტერვიუში სააკაშვილის ღვიძლი ბიძა - თემურ ალასანია, რომლის საქმიანობას საბჭოთა „КГБ“-საც უკავშირებენ და აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსაც, აღიარებს, რომ სწორედ მან „ჩაუდო“ თავისი დისშვილი ამერიკელებს, რომლებმაც, საქართველოს შემდეგ, „უკრაინის აფეთქება“ დაავალეს. ყველაფერი დანარჩენი ალასანიას „აღსარებაში“ სასაცილო ტყუილია, რაც მოღალატე და ცნობილ ფანტაზიორ დისშვილთან მის არა მხოლოდ გარეგნულ, არამედ შინაგან მსგავსებასაც ადასტურებს.
თემურ ალასანია: „მე ვიყავი პირველ მაიდანზე, როცა იუშჩენკო იყო. იუშჩენკოსთან ვმუშაობდი, როცა მიშას ინაუგურაციაზე ჩამოვიდა, მაშინ ჯერ პრეზიდენტი არ იყო. და მას მიმამაგრეს. ძალიან კარგად ვატარებდით დროს და ვსაუბრობდით. როცა აზერბაიჯანში ან სადმე ვხვდებოდით, მრავალსაათიანი საუბარი გვქონდა ხოლმე უკრაინელი ხალხის ბედზე.
პირველად, როდესაც მაიდნის დროს შევხვდით - მე, მიშა, პოროშენკო და კიდევ ერთი კაცი - ეს ღამის 2 საათზე მოხდა სასტუმროში. და სადღაც ოთხის ნახევრამდე ვისხედით... მე ვიყავი პირველ მაიდანზე, ვიყავი მეორე მაიდანზე. არადა, კონტრაქტი უნდა შესრულდეს!“.
დისშვილის ისტორიაში საკუთარი პიროვნების როლზე სააკაშვილის ბიძა ბუნდოვნად ლაპარაკობს, მხოლოდ აღიარებს, რომ საწყის ეტაპზე ამერიკულ ელიტაში გარკვეულ ხალხს გააცნო: „მე მისი მრჩეველი ვარ. ვიყავი, ვარ და, ალბათ, ასეთად მოვკვდები. ყოველთვის მის გვერდით ვიყავი და ვიქნები, მაგრამ - არაოფიციალურად. ჩემი პირველი შეხვედრები ბრეჟნევიდან დავიწყე, აშშ-ის პრაქტიკულად ყველა პრეზიდენტით დამთავრებული, რეიგანის გარდა“.
სანდრა რულოვსზე სააკაშვილის ქორწინების შესახებ თემურ ალასანია ამბობს: “ვფიქრობ, ეს ორი გულის, ორი ადამიანის, ორი ინდივიდუმის ძალიან კარგი შერწყმა იყო“.
როგორც აღმოჩნდა, უკრაინაში სააკაშვილის მოღვაწეობა დროებითი იყო, საქართველოში დაბრუნებაზე დამიზნებით. ამის შესახებ თემურ ალასანია ამბობს: „ამაზე დამელაპარაკა. მე უბრალოდ ვუთხარი: “დიახ, ასე უნდა იმოქმედო, იმიტომ რომ შექმნილ ვითარებაში ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა“.
მაგრამ პოროშენკოს მრჩევლობიდან სააკაშვილი ოდესაში გაასახლეს, მერე კი გადააყენეს. ამ ზაფხულს ხომ ევროპაში მომაკვდინებელი კომპრომატი ამოტივტივდა - მაიდანზე „ციურ ასეულს“ ქართველი სნაიპერები ხვრეტდნენ სააკაშვილის სპეცრაზმიდან. უკრაინულ გამოძიებას სრულიად არადროულად გაუჩნდა ამ „არცთუ ხელსაყრელი“ დანაშაულის გამოძიების შანსი. საინტერესო დამთხვევაა - როგორც საქინფორმმაც შენიშნა, სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია ზუსტად ერთი დღით ადრე მოხდა მანამდე, როცა მას კიევის სასამართლოში ჩვენება უნდა მიეცა.
სააკაშვილის ვარშავული გამოსვლისთანავე აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა დენიელ კოუტსმა განაცხადა, რომ ვითარებამ უკრაინაში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს. პოროშენკოსთვის ეს ნამდვილი შავი ნიშანია. და საეჭვოა, სააკაშვილს ეს აპატიოს. სააკაშვილის ბიძა დარწმუნებულია, რომ ახლა მის დისშვილზე ნადირობა დაიწყება.
თემურ ალასანია: „რაც შეეხება მის პირად უსაფრთხოებას, ეს საშიშროება არსებობს, მისი უგულებელყოფა არ შეიძლება, როდესაც ასეთ დიდურ თამაშს თამაშობ. მონადირეები ჩვენთვის კარგად არიან ცნობილი“. ბიძამ იცის, რასაც ამბობს. ემოციურ სააკაშვილს შეუძლია, ევროპაში რამე ზედმეტი წამოაყრანტალოს. და კიევში უკვე ფიქრობენ, როგორ გააჩუმონ სამუდამოდ...