პოლიტიკა
შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანი და საქართველოს პრემიერი მორიგე ფრაზებით შემოიფარგლნენ

     საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. „ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54- კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
„ევროპულ ინტეგრაციასთან“ დაკავშირებით საქინფორმი შეგახსენებთ: გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ სერბეთმა უნდა აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, თუ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა აღნიშნა, რომ „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირს ვერ შეუერთდებიან, სანამ სლოვენია და ხორვატია საზღვრის პრობლემას არ მოაგვარებენ“, ამიტომ საქართველოსთვის, აშშ-ის მხარდაჭერის მიუხედავად, ექსკლუზივი არ იქნება.
თავის მხრივ,
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ძალიან მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ გასული წელი, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორმხრივ ურთიერთობაში განსაკუთრებულად წარმატებული იყო.
მხარეებმა განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით იქ არსებული მძიმე მდგომარეობა. აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ძირითად საკითხებზე შედეგების მაქსიმალურად მიღწევის მნიშვნელობა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ნატოს მომავალ სამიტზე. აღინიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია საქართველოს ნატოში წევრობასთან დაკავშირებით ურყევია და ამერიკა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს და ქართველი სამხედროების როლს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაში და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-სთვის, ისე – გლობალური უსაფრთხოებისთვის.