საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ ოთხშაბათს სხდომაზე მოიწონა შესწორებები კანონში „ექსტრემისტული საქმიანობისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ“.
„შესწორებები შეეხება სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სათავეში ედგნენ სასამართლოს მიერ ექსტრემისტულად აღიარებულ ორგანიზაციებს - მათ ათი წლით ჩამოერთმევათ ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ან წევრობის უფლება. კანონში ცვლილებები აუცილებელია ექსტრემისტული საქმიანობისთვის წინააღმდეგობის გაწევის მექანიზმების სრულყოფისთვის, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი ზალინა ლალიევა, - ჯერჯერობით სამხრეთ ოსეთში ექსტრემისტულად აღიარებულია მხოლოდ ერთი ორგანიზაცია - გასული წლის ოქტომბერში უმაღლესმა სასამართლომ ასეთად იეღოვას მოწმეები ცნო“.
„იუსტიციის სამინისტროში რელიგიური სექტები რეგისტრირებული არ არის, მაგრამ ერთ-ერთი მათგანის საქმიანობა სასამართლოს მიერ აღიარებულია, როგორც ექსტრემისტული. რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაცია მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აქვს - ალანიის ეპარქიას ექვსი სამრევლოთი“, - განაცხადა ლალიევამ.