სამართალი
ფონდ „იავნანას“ შემოქმედებითი ჯგუფის გამოკითხვით გამოძიებამ ღირებული ინფორმაცია მიიღო

     საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ფონდის შემოქმედებითი ჯგუფის წევრების დაკითხვის შემდეგ საქმის პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა.
პროკურორმა ჩვენებების დეტალებზე არ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამას გამოძიება სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეაჯამებს.
რაც შეეხება გამოკითხულებს, ჩვენება მისცეს ფონდის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა დამდგმელმა და ტელერეჟისორებმა, ასევე ერთ-ერთმა მძღოლმა.
შეკითხვები დამისვეს მუსიკოსებთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ. აინტერესებდათ, მიდიოდა თუ არა თანხები მუსიკოსებთან. რა თქმა უნდა, ეს თანხები მათთან მიდიოდა”, – განაცხადა ფონდის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა ნინო ნახუცრიშვილმა.
მოწმის სახით დაკითხულ ოთხ პირს ადვოკატი ახლდა თან. როგორც ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ განაცხადა, გამოკითხვის შემდეგ დადასტურდა, რომ ფონდ “იავნანაში” არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და “იავნანა” საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.
ჯერ უცნობია, მოხდება თუ არა ფონდის დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის ხელახალი გამოკითხვა. გამოძიების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობს.