პოლიტიკა
საქართველო - ნატოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე: აქ ლაპარაკია ერთი ექსპერტის პოზიციაზე, მსგავსი შეიძლება მილიონი იყოს - სოზარ სუბარი

     საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. „საქინფორმი“ განაგრძობს ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკოს ლიუკ კოფის მოხსენების საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის განხილვას და მკითხველს აცნობს სრულიად განსხვავებულ მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით. სურათის სისრულისათვის ხომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ არა მარტო ქართული ოფიციოზისა და ქართველი საზოგადოების, არამედ ანგაჟირებული, მათ შორის - უცხოელი ექსპერტების აზრიც, რომლებიც კავკასიის რეგიონში თავიანთი მერკანტილური ინტერესების მქონე გარკვეული დასავლური წრეების შეხედულებებს გამოხატავენ.
როდესაც გყავს ისეთი აგრესიული მეზობელი, როგორიც რუსეთია, მთავარი ძალა ჩვენს მოკავშირეებშია, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების აღდგენის გარანტები არიან, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ანგარიშს, სადაც საქართველოზეა ლაპარაკი.
როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, არ იზიარებს ანგარიშში მოყვანილ დასკვნას, რომ „მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ეცდება ოპოზიციის ჩიხში მოქცევას და ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას“.
როდესაც გვერდით გყავს ისეთი ძლიერი და აგრესიული მეზობელი, როგორიც რუსეთია, მთავარი ძალა ჩვენს მოკავშირეებშია, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების აღდგენის გარანტები არიან. რაც შეეხება ძალაუფლების შენარჩუნებას, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის რა დოზით გადასცემს. მთავარია, რომ 2012 წელი ბოლო წელი იყო, როდესაც არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ, მას შემდეგ მსგავსი რამ არ მომხდარა. არ მეგულება პარტია და არც იქნება სწორი, რომელიმე პარტიამ თქვას, რომ მე ვიხსნი ძალაუფლებას, რათა ის გადავცე ვინმე ინაშვილს, ან ვინმე სხვას”, – განაცხადა სუბარმა.
მისი განცხადებით, საუბარი, რომ ნატოში შესვლის შემთხვევაში საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარი თქვას, არასწორია. აქ საუბარია ერთი ექსპერტის პოზიციაზე, მსგავსი შეიძლება მილიონი იყოს. რა გვინდა ჩვენ ნატოსთან ან ევროკავშირთან, ეს არის პირველ რიგში სწორედ ის, რომ ორივე სტრუქტურა უსაფრთხოების კუთხით არის საქართველოსთვის გარანტი. ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება. ჩვენი ქვეყნის 22% არის ოკუპირებული, და ვიცით, რატომაც არის. ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი პარტნიორები არიან. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ყველა საერთაშორისო სერიოზული მიმომხილველი ამბობს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, ყველაზე სწორი და დაბალანსებულია”, – განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის:
საქართველო დაჩქარებული წესით უნდა შევიდეს ნატოში, ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ, ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას, ეს არის ნატოში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.ჩემი რეკომენდაციაა, ნატომ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მე-6 მუხლი ხსნის იმას, თუ ვისზე ვრცელდება მე-5 მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატოში და მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამდე, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება. ვფიქრობ, ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა, რათა საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატოში, – აღნიშნა ლუკ კოფიმ.
ლუკ კოფის კომენტარი პასუხად მოჰყვა პროტესტს, რომელიც საქართველოში გამოიწვია ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation -ის გასულ კვირას გამოქვეყნებულმა მოხსენებამ „საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“, რომლის ავტორი თვითონვე გახლავთ - საგარეო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ლუკ კოფი. მანვე განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში მოხარული არიან, საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გაცვალონ, რის შესახებაც საქინფორმი იუწყებოდა.
რას გულისხმობდა სინამდვილეში ლუკ კოფი - საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის სტატიაში წაიკითხეთ.
ბმულზე გადასვლით კი მკითხველებს შეუძლიათ, ლუკ კოფის ზემოხსენებული მოხსენების ინგლისურ ორიგინალს და მის რუსულ თარგმანს გაეცნონ.