პოლიტიკა
საქართველო - ნატოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე: რუსეთი - „წინააღმდეგ“, აზერბაიჯანი და სომხეთი - „მომხრე“ გელა ვასაძის გადაცემაში (ვიდეო)

     საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. „საქინფორმი“ განაგრძობს ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკოს ლიუკ კოფის მოხსენების „საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“ განხილვას და მკითხველს აცნობს სრულიად განსხვავებულ მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით. სურათის სისრულისათვის ხომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ არა მარტო ქართული ოფიციოზისა და ქართველი საზოგადოების, არამედ ანგაჟირებული, მათ შორის - უცხოელი ექსპერტების აზრიც, რომლებიც კავკასიის რეგიონში თავიანთი მერკანტილური ინტერესების მქონე გარკვეული დასავლური წრეების შეხედულებებს გამოხატავენ.
დღეს სწორედ ასეთი შემთხვევაა: პირველ რეგიონულ პროექტში STARVISION TV Georgia, გადაცემაში „დიდი თამაში“ ლიუკ კოფის მოხსენებას და ნატოს პერსპექტივებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში განიხილავენ საქართველოში ნატოს ოფისის ყოფილი პოლიტიკური მდივანი ანჯეი კლიმჩიკი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე კრილოვი, რეგიონული კვლევების ცენტრის წამყვანი ექსპერტი, სომხეთის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი დავიდ შაჰნაზარიანი, ბერლინის უნივერსიტეტის დოქტორანტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი ჰეიდარ მირზა, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე (ვიდეო იხ აქ). გადაცემა მიჰყავს პოლიტოლოგ გელა ვასაძეს.
ცნობისთვის
:
საქართველო დაჩქარებული წესით უნდა შევიდეს ნატოში, ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ, ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას, ეს არის ნატოში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.ჩემი რეკომენდაციაა, ნატომ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მე-6 მუხლი ხსნის იმას, თუ ვისზე ვრცელდება მე-5 მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატოში და მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამდე, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება. ვფიქრობ, ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა, რათა საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატოში, – აღნიშნა ლუკ კოფიმ.
ლუკ კოფის კომენტარი პასუხად მოჰყვა პროტესტს, რომელიც საქართველოში გამოიწვია ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation -ის გასულ კვირას გამოქვეყნებულმა მოხსენებამ „საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“, რომლის ავტორი თვითონვე გახლავთ - საგარეო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ლუკ კოფი. მანვე განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში მოხარული არიან, საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გაცვალონ, რის შესახებაც საქინფორმი იუწყებოდა.
რას გულისხმობდა სინამდვილეში ლუკ კოფი - საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის სტატიაში წაიკითხეთ.
ბმულზე გადასვლით კი მკითხველებს შეუძლიათ, ლუკ კოფის ზემოხსენებული მოხსენების ინგლისურ ორიგინალს და მის რუსულ თარგმანს გაეცნონ.