პოლიტიკა
მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა - რა ეტაპზე იმყოფება საქართველო და რა პროგრესი აქვს ქვეყანას ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში - როზარია პულისი

     საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს როზარია პულისის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა როზარია პულისის ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გიორგი კვირიკაშვილმა როზარია პულისის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. აღინიშნა პროცესში ახალი დინამიკის აუცილებლობა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბრისას ხაზი გაესვა ნატოს პროექტებს საქართველოში, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ხორციელდება და ამ ნაწილში ქართული მხარის ეფექტიან მუშაობაზე გამახვილდა ყურადღება.
როზარია პულისის შეფასებით, „მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ რა ეტაპზე იმყოფება საქართველო და რა პროგრესი აქვს ქვეყანას ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში“. საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალი ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა დაიგეგმება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის მთავარი მიზანი და პრიორიტეტია.