აქტუალური
ნატოში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე - დავით ზალკალიანი ლუკ კოფის „კომპრომისულ ვარიანტს” არ გამორიცხავს

     საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ „საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია, ისევე, როგორც თავის დროზე ეს მოხდა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში“. ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ ნატოს წევრ პარტნიორ ქვეყნებთან შედგეს დიალოგი საქართველოს გაწევრიანების კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც გასულ კვირას ამერიკელმა ექსპერტმა ლუკ კოფიმ გაასაჯაროვა.
ნატომ ბუქარესტის სამიტზეც განაცხადა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მაშინაც, როცა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა, საქართველო გახდა ნატოს ასპირანტი ქვეყანა. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოემზადოს წევრობისთვის. საქართველომ მიიღო არსებითი პაკეტი, რომელიც გვეხმარება, რომ წევრობისკენ გადავდგათ პრაქტიკული ნაბიჯები. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ნატოელი პარტნიორების მოცემულობა არის ერთმნიშვნელოვანი - ტერიტორიული მთლიანობა არის ამოსავალი წერტილი და ეს არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის:
„საქართველო დაჩქარებული წესით უნდა შევიდეს ნატოში, ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ, ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას, ეს არის ნატოში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა“, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.„ჩემი რეკომენდაციაა, ნატომ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მე-6 მუხლი ხსნის იმას, თუ ვისზე ვრცელდება მე-5 მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატოში და მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამდე, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება. ვფიქრობ, ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა, რათა საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატოში“, – აღნიშნა ლუკ კოფიმ.
ლუკ კოფის კომენტარი პასუხად მოჰყვა პროტესტს, რომელიც საქართველოში გამოიწვია ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის გასულ კვირას გამოქვეყნებულმა მოხსენებამ „საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“, რომლის ავტორი თვითონვე გახლავთ - საგარეო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ლუკ კოფი. მანვე განაცხადა, რომ „საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში მოხარული არიან, საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გაცვალონ“, რის შესახებაც საქინფორმი იუწყებოდა.
რას გულისხმობდა სინამდვილეში ლუკ კოფი - საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის სტატიაში წაიკითხეთ.
ბმულზე გადასვლით კი მკითხველებს შეუძლიათ, ლუკ კოფის ზემოხსენებული მოხსენების ინგლისურ ორიგინალს და მის რუსულ თარგმანს გაეცნონ.