პოლიტიკა
ნატოში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე - ლევან იზორია ლუკ კოფის მისი გეგმის გასაჯაროებამდე ესაუბრა

     თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკელი ექსპერტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ამერიკელ ექსპერტს ლუკ კოფის მანამდე ესაუბრა, ვიდრე საჯარო განცხადებას გააკეთებდა.
"მე ვესაუბრე ამ ტექსტის ავტორს განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე და ცალსახად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ქვეყნის განწყობა. ტერიტორიული მთლიანობა ამ ექსპერტის განცხადებაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით. ყველა ექსპერტს შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. მე, როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, პრინციპულად პოზიცია დავაფიქსირე", - განაცხადა იზორიამ.
ცნობისთვის:
„საქართველო დაჩქარებული წესით უნდა შევიდეს ნატოში, ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ, ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას, ეს არის ნატოში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა“, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.„ჩემი რეკომენდაციაა, ნატომ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მე-6 მუხლი ხსნის იმას, თუ ვისზე ვრცელდება მე-5 მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატოში და მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამდე, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება. ვფიქრობ, ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა, რათა საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატოში“, – აღნიშნა ლუკ კოფიმ.
ლუკ კოფის კომენტარი პასუხად მოჰყვა პროტესტს, რომელიც საქართველოში გამოიწვია ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation -ის გასულ კვირას გამოქვეყნებულმა მოხსენებამ „საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“, რომლის ავტორი თვითონვე გახლავთ - საგარეო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ლუკ კოფი. მანვე განაცხადა, რომ „საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში მოხარული არიან, საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გაცვალონ“, რის შესახებაც საქინფორმი იუწყებოდა.
რას გულისხმობდა სინამდვილეში ლუკ კოფი - საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის სტატიაში წაიკითხეთ.
ბმულზე გადასვლით კი მკითხველებს შეუძლიათ, ლუკ კოფის ზემოხსენებული მოხსენების ინგლისურ ორიგინალს და მის რუსულ თარგმანს გაეცნონ.