საზოგადოება
ვიწყებთ ტერიტორიული თავდაცვის წვრთნებს, რომლებიც 3 წელი გაგრძელდება და ამერიკული ფინანსური დახმარებით ითვალისწინებს ჩვენი ბატალიონების ნატოს სტანდარტებით აღჭურვას - იზორია

     საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი.ჩვენ გვაქვს ინტენსიური თანამშრომლობა ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ეტაპობრივად უფრო ძლიერდება. საქართველო ამ მხარდაჭერისა და ინტენსიური მუშაობის შედეგად რეგიონში უფრო უსაფრთხო და ნატოსთვის უფრო სანდრო პარტნიორი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერა პრაქტიკულ მხარდაჭერასაც გულისხმობს და წელს ვიწყებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას. ეს ადეკვატურია ნატოს სტრატეგიულ ამოცანასთან, კერძოდ, განახლებულ შეკავების პოლიტიკასთან. შეკავების პოლიტიკის მთავარი ღერძი გახლავთ, რომ თავდაცვითი მზადყოფნა გაიზარდოს, მათ შორის ნატოს პარტნიორი ქვეყნების, განსაკუთრებით კი - საქართველოსი, როგორც ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორი ქვეყნის. წელს ამ მიზნით ვიწყებთ უკვე ტერიტორიული თავდაცვის ამოცანიდან გამომდინარე წვრთნებს, რომლებიც სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და რომელიც ასევე ამერიკული ფინანსური დახმარებით ითვალისწინებს ჩვენი ბატალიონების ნატოს სტანდარტებით აღჭურვას, – განაცხადა იზორიამ.