პოლიტიკა
„რუსული გავლენა აშკარაა საქართველოს სასამართლო სისტემაზეც“ - The Heritage Foundation ქართულ სასამართლოს მისდგა!

     საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განსაკუთრებით დაახლოებულმა სტრატეგიული კვლევების ამერიკულმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა მოხსენება „საქართველოს ნატოში შესვლა აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“, რომლის ავტორია საქართველოს ორი კურატორიდან ერთ-ერთი, დუგლას და სარა ელისონების საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი (მეორე ახალი კურატორი გახლავთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (North Atlantic Council) ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი).
მოხსენება ნატოს სთავაზობს, ბრიუსელის სამიტზე 2018 წლის 11-12 ივლისს საქართველო ალიანსში დაჩქარებულ რეჟიმში მიიღონ - МАР-ის გარეშე, მაგრამ - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეც, რისთვისაც დროებით შეიცვალოს ნატოს წესდების მე-6 მუხლი და ეს რეგიონები ამოღებული იქნეს მე-5 მუხლიდან, „სანამ საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით არ აღდგება, როგორც 1951 წელს თურქეთისა და საბერძნეთის შემთხვევაში მოხდა“.
მაგრამ, როგორც საქინფორმი ვარაუდობდა, ამ რეკომენდაციებით საქმე არ დამთავრებულა - ახლა The Heritage Foundation ქართული მართლმსაჯულების სისტემას მისდგა!
12 თებერვალს იუსტიციის საბჭოს სხდომაზე The Heritage Foundation-ის კვლევის ახალი ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი.
The Heritage Foundation-
ის შეფასებით, „რუსული გავლენა აშკარაა საქართველოს სასამართლო სისტემაზეც“. The Heritage Foundation ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლეების პროფესიონალიზმსაც და სისტემაში არსებულ საბჭოთა ყაიდის კორუფციაზე მიუთითებს.