უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი დახმარებისთვის ანგელა მერკელს მიმართავს

     საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. პოლონეთში გაძევებული მიხეილ სააკაშვილი დახმარებისთვის გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს მიმართავს.
როგორც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბრისას განაცხადა, ნიღბიანები დაესხნენ თავს, ემუქრებოდნენ და კერძო თვითმფრინავით გადაიყვანეს პოლონეთში.
„ეს ყველაფერი პოროშენკოს კორუმპირებულმა რეჟიმმა მოაწყო”, – ამბობს სააკაშვილი.
მისივე თქმით, თუ ევროკავშირი და კონკრეტულად გერმანიის კანცლერი მერკელი არაფერს მოიმოქმედებს, უკრაინას კოლაფსი ელის.
„პოროშენკოს ჩემი მოშორება სურს, რადგან მე კორუფციას ვამხელ”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი გუშინ კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს.

1tv.ge