საზოგადოება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 200-ზე მეტი ოჯახი დაიტბორა

ckaldidobaროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი გვატყობინებს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაუღებელი, ძლიერი წვიმების შედეგად სოფელ ქვიტირში (ქვიტირის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე) დაიტბორა 20 ოჯახის საცხოვრებელი სახლის სარდაფი და 50-მდე ოჯახის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. სოფელ მუხიანში (ბროწეულას დასახლებაში) დაიტბორა ოთხი საერთო საცხოვრებელი ბინის სარდაფი და მიმდებარე ტერიტორია. სოფელ მაღლაკში დაიტბორა 50-მდე საცხოვრებელი სახლის სარდაფი, 200-ზე მეტი ოჯახის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და ორი სასაფლაო. სოფელ წყალტუბოში დატბორილია „თავუკუღმა ღელის“ მიმდებარე ტერიტორია, იქმნება საყანე ნაკვეთების დატბორვის საშიშროებაც.

ქალაქ წყალტუბოში უხვი ნალექის შედეგად, „ვაზნარის ღელის“ ადიდების გამო, დაიტბორა ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახის საკარმიდამო მიწა, ღვარსადენიდან გადმონადენი წყლით ლერმონტოვის ქუჩაზე დაიტბორა ორი ოჯახი, კოსტავას ქუჩაზე კი –ერთი ოჯახი.

საბედნიეროდ, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.