აქტუალური
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აბსურდს და სიცრუეს უწოდებს სასულიერო აკადემიის სტუდენტთა ნაწილის განცხადებებს, რომ აკადემიაში მათზე ძალადობა ხორციელდება

     საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. “სასულიერო აკადემიაში, რომელშიც მოღვაწეობენ სასულიერო მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, ვის წარმოუდგენია, რომ რაიმე სახის ძალადობა იყოს? სასულიერო აკადემია უშუალოდ პატრიარქის მეთვალყურეობის ქვეშ არის, მე არ შემიძლია ვისაუბრო, თუ რაში სჭირდებათ ეს განცხადებები. მე შემიძლია ვისაუბრო, თუ რა არის სიმართლე და რა არა.
წარმოუდგენელია, რომ აკადემიაში რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი. პირიქით, სამეცნიერო საბჭოს, მთელი პედკოლექტივის და სტუდენტების უდიდესი მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მაღალი სულიერების და ცოდნის მიღების საშუალება იყოს აკადემიაში.
მე არ შემიძლია, რომელიმე ადამიანს გული ვატკინო, არ შემიძლია ვისაუბრო, თუ ვის რა მიზანი აქვს. მხოლოდ გეტყვით, რომ სასულიერო აკადემიას აქვს თავისი მიზნები და ამოცანები და ამას წარმატებით ასრულებს. ვამაყობთ, რომ აკადემიაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზარდა და მომავალშიც აღიზრდება და ისინი ჩვენი ქვეყნის სამსახურში იქნებიან.
არასოდეს მოხდება, რომ აკადემიამ შეწყვიტოს იმ ამოცანების შესრულება, რაც პატრიარქისგან და მართლმადიდებელი ეკლესიიგან აქვს დაკისრებული”, - განაცხადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.