პოლიტიკა
მთავარია, საქართველოს ნატოში შესვლა დავაჩქაროთ, მაგრამ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მიზანი - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება! - ირაკლი კობახიძე

     საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, იუწყება „პირველი არხი“.
ჟურნალისტის კითხვა „ჰერიტიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხებოდა, სადაც პუბლიკაციის ავტორი ლუკ კოფი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეერთებული შტატების ინტერესებშია და განიხილავს პირობას, რომლის მიხედვითაც, კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამდე, სანამ კონფლიქტები მშვიდობიანად არ მოგვარდება.
ჩვენი ამოცანა არის ნატოში ინტეგრაციის ტემპების დაჩქარება. თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ამ მიმართულებით, გადაიდგმება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის და კონსულტაციების საფუძველზე და ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ დაგვჭირდება დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს ეროვნული პრიორიტეტები და ეს პრიორიტეტები სათანადოდ იქნება ასახული ჩვენს გადაწყვეტილებებში.
ყველა საკითხი შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი. ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს პრიორიტეტი და მიზანი არ გადაიხედება არცერთ შემთხვევაში. რაც შეეხება დათქმებს, ეს შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი. მთავარია, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ჩვენი გაწევრიანება ნატოში და ეს გაკეთდეს ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
მთავარია, ჩვენ პოლიტიკური ფასი არ გავიღოთ ეროვნული ინტერესების საზიანოდ. თუ არ დაზიანდება ჩვენი ეროვნული ინტერესები, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც დააჩქარებს ჩვენს გაწევრიანებას ნატოში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ რა ეტაპზეა დღეს საქართველო ნატოსთან ურთიერთობაში? - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: ნატოში გაწევრიანება იყო ამერიკელ კოლეგებთან ჩვენი საუბრების ერთ-ერთი მთავარი საგანი. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების კუთხით. ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს ნატოში გაწევრიანების პროცესი.
ჩვენ ვატარებთ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებიც გვაახლოებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ღირებულებებთან, რომლებსაც ეფუძნება ნატო. ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს აღებული ნატოს მიმართ, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცვლილებები და რეფორმები არის საჭირო ჩვენი სახელმწიფოების შემდგომი განმტკიცებისთვის. ჩვენ გვინდა სწრაფი წინსვლა და იმედი გვაქვს, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ის განაცხადი, რომელიც გაკეთდა ბუქარესტის სამიტის დროს და ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-ში მისი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ძალიან მყარია. ეს ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, გვქონდა შეხვედრები ამერიკელ მეგობრებთან, კოლეგებთან, არაერთ სენატორთან, ასევე გავმართეთ შეხვედრები ანალიტიკურ ცენტრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არის ძალიან მყარი.
ჩვენ გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი 2017 წელი ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით. იყო ბევრი საუბარი იმის თაობაზე, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო გარკვეული ცვლილებები ჩვენს ურთიერთობაში არჩევნების შემდეგ, თუმცა ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ახალი ფაზა ორმხრივი ურთიერთობის. 2017 წელს კულმინაცია იყო ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში. მან ქართულ საზოგადოებას მიმართა ძალიან მყარი მხარდაჭერის გზავნილებით, რაც იყო ამერიკის მხარდაჭერის კიდევ ერთი მყარი დადასტურება.
მხარდაჭერა არის ძალიან მყარი და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან შეხვედრების დროს, – აღნიშნა კობახიძემ.