საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთში ევროინტეგრაციის პერსპექტივები განიხილა და ემიგრანტებს ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას შეჰპირდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთის პრეზიდენტ პროკოპის პავლოპულოსს, პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს და პარლამენტის სპიკერ ნიკოს ვუცისს შეხვდა.
ასევე შედგა შეხვედრა ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსთან. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ევროკავშირში ქვეყნის შესვლის პერსპექტივა განიხილეს.
„მოხარული ვარ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტს შევხვდი, რომელიც მუდამ ჩემს გულშია. საქართველო დიდ ძალისხმევას იჩენს, რათა განიმტკიცოს ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანაა კონტინენტზე, რომელიც იმსახურებს იყოს ევროპული ოჯახის წევრი“, — განაცხადა ავრამოპულოსმა შეხვედრის დასასრულს.
მარგველაშვილის ვიზიტის ფარგლებში განიხილებოდა საქართველოში საჯარო სამართლის ევროპის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის საკითხიც. ორგანიზაციის ხელმძღვანელის სპირიდონ ფლოგაიტისის თქმით, ოფისის მიზანი იქნება რეგიონში განათლებასა და მეცნიერებაში ევროპული ფასეულობების განმტკიცება და გავრცელება.
შეხვდრების გარდა, მარგველაშვილმა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ გეოპოლიტიკურ პარტნიორობას და მადლობა გადაუხადა ბერძენ ხალხს იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა რთულ პერიოდში იგრძნეს.
„ჩვენს თაობას, რომელსაც ძალიან რთული ეკონომიკური პროცესების გავლა მოუხდა, არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ჩვენი დედები, დები, ძმები იმ ეკონომიკურ სირთულეებში პოულობდნენ თავის გადარჩენის შესაძლებლობას და, ამავე დროს, ჩვენი დახმარების შესაძლებლობას, ვინც ქვეყანაში ვრჩებოდით. ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით იმისთვის, რაც ამ თვალსაზრისით საბერძნეთმა გააკეთა“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ქართულ დიასპორასთან ორმაგი მოქალაქეობის საკითხი განიხილა. მან დაარწმუნა ემიგრანტები იმაში, რომ მათ ამ კუთხით პრობლემები არ შეექმნებათ და მარტიდან პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდება.
ვიზიტის დროს გიორგი მარგველაშვილმა, აგრეთვე, დაათვალიერა გამოფენა, რომელიც ქართულ-ბერძნული ურთიერთობის 100 წლისთავს მიეძღვნა.