საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. სააგენტო საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა Sputnik-თან კომენტარი გაუკეთა საქართველოს მთავრობის განზრახვას ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა მიმართ ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით (მთლიანად მოისმინეთ აქ).
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიის ფედერალური მიწის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ლობირებას გეგმავს. რეგიონული მთავრობის უკმაყოფილება გამოწვეულია გერმანიაში საქართველოდან ჩასულ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდით.
„ეს დღეს არ დაწყებულა. საქმე ისაა, რომ უმუშევრობამ საქართველოში დიდი როლი ითამაშა სამუშაოს საძებნელად ქართველების საზღვარგარეთ მიგრაციაში - ჯერ რუსეთში, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ კი - შენგენის ზონის ქვეყნებში“, - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებამდე იქ საშოვარზე უკვე იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა, იმყოფებოდა არალეგალურად, და ბევრი მათგანი აღარ დაბრუნდა.
„ამასთან, რა ძნელიც უნდა იყოს ამისი აღიარება, ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი მხოლოდ ისინი კი არ არიან, ვინც ლუკმაპურს მძიმე და დაბალკვალიფიციური სამუშაოთი შოულობს, არამედ კრიმინალური ელემენტებიც“, - აღნიშნა არნო ხიდირბეგიშვილმა.