აფგან მუხთარლი: ამ დანაშაულის სათავეში დგას პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. სწორედ მან გასცა ბრძანება ჩემი გატაცების შესახებ
სამართალი
აფგან მუხთარლი: ამ დანაშაულის სათავეში დგას პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. სწორედ მან გასცა ბრძანება ჩემი გატაცების შესახებ

     საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ციხიდან ორი დღით გათავისუფლებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნლისტმა აფგან მუხარლიმ „ტვ პირველს“ ექსკლუზიური სატელეფონო ინტერვიუ მისცა. მუხთარლი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. მისი მტკიცებით, 28 მაისს თბილისიდან მისი გატაცების ბრძანება პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასცა. მისივე თქმით, კვირიკაშვილის გარდა მის გატაცებაში სხვა მაღალჩინოსნებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ამ დანაშაულის სათავეში დგას პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. სწორედ მან გასცა ბრძანება ჩემი გატაცების შესახებ. სწორედ მან გასცა ძანება, რომ საბაჟოზე ჩემი აყვანა მომხდარიყო. ამის შესახებ ისედაც ყველამ იცის. ამ დანაშაულის სათავეში კვირიკაშვილი დგას. მონაწილეობა მიიღო საქართველოს საბაჟოს ხელმძღვანელმა, ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის უფროსმა და, სავარაუდოდ, კრიმინალურმა პოლიციამაც. აზერბაიჯანულ მხარეს ორი წლის განმავლობაში სურდა ჩემი დაკავება, რაც ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობით იყო გამოწვეული. ფაქტიურად, ვიკვლევდი ალიევის ბიზნესებს, სწორედ ამიტომ სურდათ ჩემი დაკავება. რათა გავჩუმებულიყავი“, - აცხადებს მუხთარლი „ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
როგორც მუხთარლიმ განაცხადა მასზე თვალთვალი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუხთარლი ეჭვობს რომ მისი გატაცების სანაცვლოდ ქართულმა მხარემ და კონკრეტულმა პირებმა ფინანსური სარგებელიც მიიღეს. თვალთვალზე ლაპარაკობდა და პროკურატურას შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა ასევე მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ. მან საგამოძიებო უწყებას იმ პირების ფოტოები გადასცა, რომლებიც მას და მის ქალიშვილს უთვალთვალებდნენ.
გატაცებამდე ორი თვით ადრე ყოველდღიურად ვიღაც მითვალთვალებდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც ჰქონდა. პოლიციამაც იცოდა. მხოლოდ მე არა, ჩემს მეგობრებსაც უთვალთვალებდნენ. ქართულ მხარეს ჩემს დასაკავებლად არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. სასამართლოს მეშვეობითაც ვერაფერს იზამდნენ. ალბათ, ამ საქმეში დიდი ფული აიღეს. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ასეთი მთავრობა ჰყავს. ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი. ნამდვილად არ მეგონა, თუ ქართული ოცნების ხელისუფლება ასე მოიქცეოდა. ეს საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ, რომ მომავალ არჩევნებში ქართველები ქართულ ოცნებას მხარს აღარ დაუჭერენ“, - განაცხადა მუხთარლიმ.
მუხთარლიმ მისი გატაცების დღეც გაიხსენა და განაცხადა, რომ გამტაცებლები ქართულად ლაპარაკობდნენ.