აქტუალური
ლელა ჩიქოვანი JTEC-ის ექსპერტებს შეხვდა

     საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ახალ ექსპერტებს შეხვდა. ფინეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ესპანეთის წარმომადგენლები ლელა ჩიქოვანს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელმა მარიუს ნილსენმა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერმა, საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანმა შტეფან ანიჰოფერმა წარუდგინეს.
ფინელი ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი ანსსი ურიელა JTEC-ში მიმდინარე სწავლებების დაგეგმვასა და აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი. გაერთიანებული სამეფოდან მოვლენილი ექსპერტი, კაპიტანი ტობიას ჯეიმს ჰანუ ბენეტი საველე სწავლებებს უხელმძღვანელებს, ხოლო ესპანეთის სამეფოს წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი ნორბერტო სილიო ბატურონე JTEC-ის DCB Trust Fund-ის საკითხებზე იმუშავებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის დეტალები და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.