BBC - ინგლისის „მასონური ლოჟა“ საკუთარი წევრების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის შეწყვეტას ითხოვს
უცხოეთი
BBC - ინგლისის „მასონური ლოჟა“ საკუთარი წევრების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის შეწყვეტას ითხოვს

     საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ინგლისის „მასონური ლოჟა“ საკუთარი წევრების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის შეწყვეტას ითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„მასონური ლოჟის“ მმართველმა ორგანომ Times-ში, Daily Telegraph-სა და Guardian-ში სარეკლამო გვერდები განათავსა, სადაც საუბარია, რომ ლოჟის წევრებზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
ინგლისის ლოჟაში ამბობენ, რომ 300-წლიანი ორგანიზაციის კარი საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის ღიაა, თუმცა წევრები „დაუმსახურებელი სტიგმატიზაციის“ ობიექტები არიან.
ინგლისის ლოჟის აღმასრულებელი დევიდ სტეპლესი წერს, რომ გასულ წელს ორგანიზაციამ სხვადასხვა პროექტისთვის 33 მილიონი ფუნტ სტერლინგის მობილიზება შეძლო.
ბრიტანეთში ბოლო დროს გავრცელებულმა ინფორმაციებმა აქტუალური გახადა პოლიციასა და პარლამენტში მასონების შესაძლო გავლენის საკითხი. ბრიტანეთში სკანდალი მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მასონები საპოლიციო რეფორმას ბლოკავდნენ.
პოლიციის ფედერაციის ხელმძღვანელმა, სტივ ვაითმა გამოცემა Guardian-ს განუცხადა, რომ საზოგადოება ხელს უშლიდა უწყებაში ქალთა პროგრესს და აფერხებდა ადამიანების წინსვლას კანის ფერისა და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. სტეპლესმა ბრალდებებს „სასაცილო“ უწოდა.
„ჩვენ არ ვართ საიდუმლო ორგანიზაცია. ნეპოტიზმი და კორუფცია ჩვენთვის უცხოა“ – უთხრა BBC-ის ლოჟის აღმასრულებელმა.
გასულ კვირას Guardian-მა დაწერა, რომ მასონების ორი ლოჟა მოქმედებს ვესტმინსტერში, რომლის წევრები პარლამენტარები და პოლიტიკური მიმოხილველი ჟურნალისტები არიან. სტეპლესმა ლოჟების არსებობა დაადასტურა, თუმცა წევრების შესახებ ინფორმაცია უარყო. BBC-ის ინფორმაციით, ინგლისსა და უელსში შვიდი ათასზე მეტი ლოჟა და 200 000 მასონია.
მასონები შეხვედრებს თავიანთ ტაძარში მართავენ, რომელსაც „ლოჟას“ უწოდებენ. მათი რწმენით ესა არის ადგილი, სადაც ძველ დროში თავისუფალი ქვისმთლელების საზოგადოება ეკლესიებსა და კათედრალებზე მუშაობის დროს იკრიბებოდა.
ბრიტანეთის ლოჟები რეგიონების მიხედვით არის დაჯგუფებული, რომელიც საგრაფოების საზღვრებს ემთხვევა. მასონები ატარებენ წინსაფრებს – ეს უკავშირდება თეორიას, რომ მასონების ევოლუცია მოხდა თავისუფალი ქვისმთლელების საზოგადოებისგან, რომლებიც ამ წინსაფრებს ქვის ნატეხებისგან დასაცავად ატარებდნენ.
ცნობილი თავისუფალი მასონები იყვნენ უინსტონ ჩერჩილი, სერ არტურ კონან დოილი, რადიარდ კიპლინგი, ოსკარ ვაილდი და სხვები.

1tv.ge