საზოგადოება
მიუხედავად იმისა, რომ, ოფიციალური შეფასებით, ვირუსული ინფექციების პიკმა გადაიარა, მოსახლეობაში გრიპთან დაკავშირებით კვლავ პანიკაა. ამას ადასტურებს სასწრაფო დახმარების გამოძახებების ზრდა, რის გამოც პერიოდულად 033-ზე დარეკვა შეუძლებელი ხდება.
შექმნილ ხარვეზებს სასწრაფო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურშიც ადასტურებენ. როგორც 033-ის ხელმძღვანელი სოსო მამულაშვილი აცხადებს, დიდი რაოდენობის გამოძახებების გამო, სატელეფონო ხაზები იტვირთება და შეფერხებაც ამ მიზეზით ხდება.მამულაშვილის განმარტებით, ასეთ დროს მოქალაქეებმა 033-ზე დარეკვა რამდენიმეჯერ უნდა სცადონ.
ოფიციალური ინფორმაციით, „ღორის გრიპით“ დაავადებულთა რაოდენობა შემცირდა. ამ მომენტისთვის ვირუსის 331 შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან H1N1-ის ვირუსი 285 პაციენტს დაუფიქსირდა. გრიპით ამ სეზონზე 13 ადამიანი გარდაიცვალა.