აქტუალური
სააკაშვილი ბლეფობს: თუ საქართველოში დამაპატიმრებენ, ჩემი მომხრეები მთავრობას დაამხობენ!

     საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გამოცემა Liberation-თან ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინიდან მისი ექსტრადიცია, შესაძლოა, არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაში მოხდეს.
უკრაინის ხელისუფლება ჩემი ექსტრადირებისთვის ემზადება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საქართველოში გამაგზავნიან. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ მათ პოლონეთის ხელისუფლებას ჩემი უკან მიღების თხოვნით მიმართეს. რაც შეეხება ჩემს ექსტრადიციას საქართველოში, ეს ძალიან რთული იქნება თბილისისთვის. მათ ჩემი იქ ყოფნა არ სურთ“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, მას საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცველებში დიდი მხარდაჭერა აქვს.
მე შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცველებში დიდი მხარდჭერით ვსარგებლობ. მთავრობა სუსტია და ქართველების უმეტესობამ იცის, რომ ჩემი დაუსწრებელი სასამართლო პროცესი ფარსი იყო. უკვე წელზე მეტია, სასამართლოები ეძებენ კორუფციისა და ოფშორული ანგარიშების კვალს, თუმცა ვერაფერი იპოვეს. ჩემი მმართველობის დროს იყო კორუფციის ნულოვანი დონე. ამიტომ ახლა ისინი მადანაშაულებენ პრეზიდენტის შეწყალების უფლების დარღვევაში. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში პრეზიდენტს არ დევნიან მისი კონსტიტუციური უფლებების შესრულებისთვის. ხალხმა ეს იცის. უკრაინის გენერალურმა პროკურორმაც კი ამ საქმეებს პოლიტიკური უწოდა, ვიდრე ჩემს წინააღმდეგ განეწყობოდა. თუ მე საქართველოში დამაპატიმრებენ, ჩემი მომხრეები მთავრობას დაამხობენ ჩემს გასათავისუფლებლად. ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.